სასამართლომ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

Published:

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბახუტაშვილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა და სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა.

გიორგი ბახუტაშვილს მიმდინარე საპროტესტო აქციებისას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხრიდან. კერძოდ, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და შსს-ს ორი თანამშრომელი, რომელთა თქმითაც, ბახუტაშვილის დაკავებაში მიიღეს მონაწილეობა.

მანამდე კი, სასამართლო პროცესზე მსახიობმა აქციაზე მისი დაკავების გარემოებებზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, პოლიციისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ბახუტაშვილია თქმით, აქციაზე ცდილობდა ერთ-ერთი მოქალაქის დახმარებას, რომელიც იყო უგონო მდგომარეობაში და რომელსაც „პოლიცია მიათრევდა“. მისი თქმით, პოლიციას სთხოვა, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ დაეკავებინა.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალდებას. საკმაოდ გვიან მივედი აქციაზე, უკვე 30 თენდებოდა. [პოლიციის მხრიდან]არცერთი მოწოდება არ გამიგია. ერთადერთი გასაუბრება მქონდა პოლიციელთან, რომელიც მიათრევდა გულწასულ ადამიანს, გზაში იკეცებოდა ეს ადამიანი და პოლიციას ვემუდარებოდი, რომ არ დაეკავებინა, იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში იყო. პოლიციელს არც გზაზე გადავღობივარ, თხოვნით შემოვიფარგლებოდი. ფიზიკურადაც არ შევხებივარ. ამ დროს უკნიდან გავიგე გინება. მომხვდა რაღაც საგანი, სავარაუდოდ, ხელკეტი იყო და მეც გამიყენეს იმ ბიჭის გზას, ვისზეც ვითხოვდი, რომ არ დაეკავებინათ“, – განაცხადა გიორგი ბახუტაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბახუტაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img