აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2025 წლის იანვარში სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს, ის ბოლოს მოუღებს “ტრანსგენდერულ სიგიჟეს”.
“ჩემი პრეზიდენტობის დროს აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება ის, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მდედრობითი და მამრობითი”, – თქვა ტრამპმა 22 დეკემბერს, ფენიქსში ახალგაზრდა კონსერვატორების კონფერენციაზე.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას “ბავშვთა სექსუალური დასახიჩრების” დასასრულებლად.
მისივე თქმით, ტრანსგენდერებს აეკრძალებათ სამხედრო სამსახურსა და სკოლებში მუშაობა.
მან ასევე პირობა დადო, რომ “კაცებს არ დაუშვებენ ქალთა სპორტში”.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ გადადგამს ნაბიჯებს “მიგრანტების მიერ დანაშაულების ჩადენის” აღსაკვეთად და ნარკოკარტელებს “ტერორისტულ ორგანიზაციებად” აღიარებს.