საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც დაფუძნებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, როგორც ეროვნული მაუწყებელი და პასუხისმგებლიანი მედია, თავის საქმიანობას ახორციელებს ამავე კანონით დადგენილი შინაარსობრივი ვალდებულებების შესაბამისად და ემსახურება მთელ საზოგადოებას, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების სრული დაცვით, ობიექტურად, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების გათვალისწინებით, რაც დაადასტურა ეუთო/ოდირის დასკვნამაც.
მესამე კვირაა, საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და პირველი არხის ეთერში ასახავს ყველა იმ მოვლენას, ყველა საპროტესტო აქციის, მარშის და მსვლელობის ჩათვლით, რაც მიმდინარეობს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებში.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საინიციატივო ჯგუფის მიერ გამართული აქციის მონაწილეები იყენებენ ფრაზას „მოპოვებული ეთერი“, აღნიშნულს კატეგორიულად არ ვიზიარებთ და მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის უზრუნველყოფდა, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის განსხვავებული მოსაზრებები გაჟღერებულიყო მაუწყებლის ეთერიდან.
საგანგებო რეჟიმში მიღებული გადაწყვეტილება – საინიციატივო ჯგუფის წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა, პირველი არხის ეთერში ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, კვლავ ძალაშია და გაგრძელდა მაუწყებლის მიერ განსაზღვრული ფორმატის ფარგლებში. ეს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია იყოს გააზრებული, დაცული და უზრუნველყოფილი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა და მასზე ნებისმიერი სახის ზეწოლის დაუშვებლობა, რაც კონსტიტუციით და კანონით არის გარანტირებული და დაცული.
მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ წამოყენებულია ახალი მოთხოვნა „დღის ეთერის გახსნის“ შესახებ. აღსანიშნავია, რომ არხის მენეჯმენტს ჰქონდა არაერთი შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან. ყველა ამ შეხვედრაზე დაფიქსირებულია არხის პოზიცია, რომ საინფორმაციო სამსახური ყოველდღიურად განაგრძობს სპეციალურ რეჟიმში მუშაობას, როგორც დღის, ასევე საღამოს ეთერში, ხოლო საინიციატივო ჯგუფს აქვს შესაძლებლობა, მათ მიერ შერჩეულმა საზოგადოების წარმომადგენლებმა პირველი არხის ეთერში ისაუბრონ მათთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე.
საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია და დაუშვებელია, მასზე დემოკრატიის სახელით ხორციელდებოდეს მსგავსი ტიპის ზეწოლა, რამდენადაც მას აქვს პროფესიული ვალდებულება, დამოუკიდებლად დაგეგმოს ფორმატები და სამაუწყებლო ბადე.
მოვუწოდებთ საინიციატივო ჯგუფს, შეწყვიტონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ზეწოლა – მაუწყებელი იქცეს მხარედ, პოლიტიკურ აქტორად და აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც არ არის მისი ფუნქცია ან ვალდებულება.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთგული რჩება ფუნდამენტური ღირებულებების, პირველ რიგში, სამართლიანობის და ჟურნალისტური პრინციპების – ეთერი დაეთმოს ყველა მნიშვნელოვან თემას და მოეწყოს საჯარო დისკუსიები, რომელიც, ჩვენი აზრით, ემსახურება პოზიციების დაახლოებას და არა რადიკალიზაციას.