პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული საბა სხვიტარიძე, რომლის წინააღმდეგაც ასევე ადმინისტრაციული სამართალწარმოებაც იყო დაწყებული, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ზვიად ცეკვავს გადაწყვეტილებით, საბა სხვიტარიძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
საბა სხვიტარიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამი მუხლით, 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამასთან, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საბა სხვიტარიძეს ედავებიან, რომ ის პოლიციელს თავს დაესხა და მას თავის არეში ხელკეტის გამოყენებით დაზიანება მიაყენა.