შემოქმედების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ვაკის პარკში იყვნენ შეკრებილი, პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას – „შემოქმედების მარში თავისუფლებისთვის“, მართავენ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ასევე, სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტები.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ყველა ის ადამიანი უნდა გათავისუფლდეს, ვინც გასული კვირების განმავლობაში სამართალდამცველებმა აქციაზე დააკავეს.
„შევიკრიბეთ წამყვანები, „ივენთ მენეჯერები“, „დიჯეები“, ფოტოგრაფები, ამ სფეროს ყველა წარმომადგენელი. ეს უწყვეტი პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ხალხის ხმა და აზრი, არ გაიმარჯვებს. ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრის ადამიანის ხმა იყო გაყალბებული და მითვისებული. ჩვენ ვითხოვთ ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
გარდა ამისა, დღეს დედაქალაქში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების აქციებიც არის დაგეგმილი.
მანიფესტანტების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.