ერთადერთი, რასაც კობახიძეს უნდა ვუსურვებდეთ, არის უსაფრთხო ფრენა მოსკოვისკენ, როცა მისი მთავრობა დაიშლება და მას ჩაანაცვლებს მთავრობა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას წარმოადგენს, – ამის შესახებ ამერიკის ჯარის თადარიგის პოლკოვნიკმა და „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის დირექტორმა ბობ ჰამილტონმა “ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს მთავრობა მიემართება პერსონალიზებული ავტორიტარული, პუტინის მსგავსი რეჟიმის მიმართულებით, როგორიც ასადის რეჟიმი იყო, როგორიც ალიევის რეჟიმია აზერბაიჯანში და ასე შემდეგ. ერთი რამ, რისი თქმაც გარკვეული დარწმუნებით შეგვიძლია ამ პერსონალიზებული ავტორიტარული რეჟიმების შესახებ, როგორიც საქართველოს მთავრობაა, ისაა, რომ ისინი მტკიცედ გამოიყურება, მაგრამ ისინი მყიფეა. ასე რომ როდესაც ბზარები ჩნდება, ისინი ძალიან სწრაფად ვრცელდება და მთელი სტრუქტურა იშლება. ეს ვნახეთ სირიაში, დიდი დრო არ დასჭირდა იმას, რომ უსაფრთხოების ძალებს ასადი მიეტოვებინათ და ის ქვეყნიდან გაქცეულიყო. ასე რომ, გარკვეულ ეტაპზე, თუკი წნეხი საკმარისად დიდხანს შენარჩუნდება, სავარაუდოა, რომ საქართველოს მთავრობა დაიშლება ისე, როგორც ერთი ფიგურის ირგვლივ აშენებული ამგვარი ავტორიტარული რეჟიმების უმეტესობა იშლება…
საქართველოს მნიშვნელობა დასავლეთისთვის – ევროპის, ევროკავშირის, ნატოსა და ამერიკისთვის ორ ფაქტორს ეფუძნებოდა: ერთი, ეს იყო იდეა, რომ საქართველო აშენებდა სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ მმართველობას იმ სამეზობლოში, სადაც ეს ყველაფერი ძალიან იშვიათია და მას შეეძლო ამ რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი ყოფილიყო. მას ხედავდნენ, როგორც ქვეყანას, რომელიც ცდილობდა დემოკრატიზაციას, ლიბერალიზაციას… და თუ ეს პროცესი დასრულდება, საქართველო დასავლური მთავრობებისთვის პრიორიტეტების სიაში ძალიან დაბლა ჩაცურდება.
ვფიქრობ, სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომას. ერთ-ერთი ის იყო, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ახალი წელი მიულოცა. (მოგვიანებით, გაკეთდა განმარტება, რომ ახალი წელი გენერალურმა მდივანმა ყველა პარტნიორი ქვეყნის ლიდერს მიულოცა) ეს ჩემი აზრით, აბსოლუტურად მიუღებელი იყო, ერთადერთი, რასაც კობახიძეს უნდა ვუსურვებდეთ, არის უსაფრთხო ფრენა მოსკოვისკენ, როცა მისი მთავრობა დაიშლება და მას ჩაანაცვლებს მთავრობა, რომელიც ქართველი ხალხის ნებას წარმოადგენს…
ამ მთავრობასთან ნებისმიერი ოფიციალური კომუნიკაცია მის ლეგიტიმაციას ახდენს – მთავრობის, რომელზეც ვფიქრობ, დასავლური მთავრობების უმრავლესობა თანხმდება, რომ არალეგიტიმურია. ჩვენ უკვე ისეთი სიტყვების გამოყენებასაც კი ვიწყებთ, როგორებიცაა დეფაქტო პრემიერი, დეფაქტო თავდაცვის მინისტრი… ასე რომ, თუ ასეთ ენას ვიყენებთ, მაშინ ნამდვილად არ უნდა ვაგრძელებდეთ ფორმალურ დიპლომატიურ კორესპონდენციას მათთან”, – განაცხადა ჰამილტონმა.