ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას კვალიფიკაციის ფინალში ითამაშებს

Published:

მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციოს ნახევარფინალური ეტაპი მიმდინარეობს.

მამაკაცთა ბადეში მეორე მატჩი ჩაატარა ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. რეიტინგის TOP 20-ის ყოფილი ჩოგბურთელი, რომელიც ახლა კლასიფიკაციის 210-ე ნომერია, ნეიტრალურ ჩოგბურთელს, ალიბეკ კაჩმაზოვს (197-ე ნომერი) შეხვდა და ორ სეტში დაამარცხა – 7:5, 6:4.

ბასილაშვილმა ცუდად დაიწყო შეხვედრა და პირველ სეტში 0:3 ჩამორჩა. ქართველმა მეშვიდე გეიმში შეძლო უკუბრეიკის შესრულება, შემდეგ კი მძიმე მომენტი გადალახა მე-10 გეიმში, რომელშიც ორი სეტპოინტი მოიგერია. ამის შემდეგ ბასილაშვილმა საბოლოოდ მოიპოვა ინიციატივა. მე-11 გეიმში მან მეორე ბრეიკი შეასრულა და შემდეგ სეტზეც ჩააწოდა. მეორე სეტში კი ბრეიკპოინტამდე არ მიუშვა მეტოქე, თავად კი ერთადერთი და გადამწყვეტი ბრეიკი მესამე გეიმში შეასრულა და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

ბასილაშვილმა შვიდი ეისი ჩააწოდა, ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ექვსიდან სამი ბრეიკპოინტი გამოიყენა და მეტოქის ხუთიდან ოთხი ბრეიკპოინტი მოიგერია. ქართველმა 17 „ვინერსი“ და 32 უნებლიე შეცდომა დააგროვა.

ავსტრალიის ღიას ძირითად ბადეში გასასვლელად ბასილაშვილს ერთი მატჩის მოგება რჩება. კვალიფიკაციის ფინალში ქართველი იტალიელ ფრანჩესკო პასაროსა (105-ე ნომერი) და ესპანელ ხავიერ ბარანკო კოსანოს (227) შორის მოგებულს შეხვდება.

სამწუხაროდ, ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა კვალიფიკაციის მეორე წრე ვერ დაძლია მარიამ ბოლქვაძემ. მან ორ სეტში წააგო ფრანგ სელენა იანიჩევიჩთან – 4:6, 2:6.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img