ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების გამო იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა

Published:

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების გამო იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ლოს-ანჯელესიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის შეხვდა პოლიციას, სახანძრო და სასწრაფო დახმარების პერსონალს, რომლებიც ებრძვიან ხანძარს ამ მხარეში და კალიფორნიისთვის დიდი კატასტროფის დეკლარაცია დაამტკიცა, მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს დაგეგმილი მოგზაურობა იტალიაში და მომდევნო დღეებში ორიენტირებული იყოს ფედერალური რეაგირების წარმართვაზე“, – აღნიშნულია თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინე ჟან-პიერის განცხადებაში.

ჯო ბაიდენის ვიზიტი იტალიასა და ვატიკანში 9-12 იანვარს იყო დაგეგმილი და მოიცავდა შეხვედრებს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან, პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან და რომის პაპ ფრანცისკესთან. ეს ჯო ბაიდენის ბოლო ვიზიტი უნდა ყოფილიყო საზღვარგარეთ მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე.

ლოს-ანჯელესის გარშემო სულ მცირე ექვსი ხანძარი მძვინვარებს, მათ შორის ყველაზე დიდი პასიფიკ-პალისეიდსში, რომელიც, დაახლოებით, 64 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ერთ-ერთი ხანძარი ჰოლივუდში გაჩნდა, ცეცხლმა ცნობილი ჰოლივუდის ბულვარამდე რამდენიმე ასეულ მეტრში მიაღწია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. ევაკუაციის ბრძანება 130 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ხანძარმა 1 500-მდე შენობა გაანადგურა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img