საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ ოფისში ჟურნალისტებს უმასპინძლა. ოფისი თბილისში, ჭოველიძის N4-ში მდებარეობს.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნები.
“არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა, ეს არის მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს, რომ არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან, ვერავინ ვერ მართავს დიდხანს ქვეყანას, თავის ხალხის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ვერტიკალში არის ძალიან სერიოზული კითხვები, რომ პოლიცია ცუდად ეგუება იმას, რომ კრიმინალურ ვერტიკალს უნდა დაემორჩილოს და არა ჩვეულებრივ ინსტიტუციურ ვერტიკალს. დიდხანს ვერც ერთი ინსტიტუტი ვერ შეეგუება იმას, რომ იყოს მართული ამ ფორმით.
ჩვენ ვხედავთ ამ ევოლუციას და ორი ვარიანტი აქვს დღეს მმართველ გუნდს, ერთი რომ დაინახოს ეს რეალობა, დაინახოს რა უნდა ქართველ ხალხს და თვითონ წავიდეს იმაზე, რომელიც იქნება ცხადია დათმობა. წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე ვთქვათ იმ ძალებთან ერთად, რომლებიც არიან ქვეყანაში და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც არსებობს და ამაზე, როგორც უკვე ვთქვით, დოკუმენტი მზადდება და პრაქტიკულად მზად იქნება მომავალ დღეებში.
მეორე ვარიანტი არის ბევრად უფრო ძნელი და რთული ქვეყნისთვის, თუ ქვეყანაზე ფიქრობს ვინმე, რომ მმართველი პარტია დაელოდოს თავის ბოლომდე დაშლას, რაც მოითხოვს სხვა ტიპის პასუხისმგებლობის გადანაწილებას. მაგრამ ესეც იქნება, თუ კი მმართველი პარტია არ შეეგუება იმ აზრს, რომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ხალხის და ჩვენი პარტნიორების ერთობლივი მოთხოვნა, რომ ახალი არჩევნების გარეშე არაფერი არ შეიძლება იყოს და ყველაფერი იქნება გაყინული ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა იქნება ასე გაყინული.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ორივე ალტერნატივისთვის და ვიქნებით, გრძელდება ეს ბრძოლა, მისი მთავარი კომპონენტია ის ხალხი ვინც დგას ქუჩაში და მეც ვუერთდები, რამდენადაც შემიძლია. მე ხვალ მივდივარ ზუგდიდში, სადაც მექნება, იმათთან ერთად ვიქნები. მას მერე, რაც ამერიკიდან დავბრუნდები, გავაგრძელებ სხვადასხვა რეგიონში ჩასვლას, რადგან ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქის პროტესტი….
მე მექნება ყველასთან კავშირი. ჩემი ბრძოლა პირადი გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება, რადგან მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა გავიყვანო თქვენთან ერთად იმ სამშვიდობოზე, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლების და მისი კურსის გარეშე არ შეიძლება რომ იყოს მიღწეული…
ახალი არჩევნები ჩაინიშნება თავისთავად, თუ დაიშლება მმართველი, რაც არის მისი გარდაუვალი მომავალი, თუ თვითონ არ მოვა გონზე და არ დანიშნავს ახლა არჩევნებს. ასე რომ ორი აზრი არ არის, რომ ეს არჩევნები დაინიშნება. მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.