უკრაინაში პარტნიორების სამხედრო კონტინგენტების განთავსება ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია, რათა რუსეთი ვაიძულოთ მშვიდობას დათანხმდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინსტრუმენტი ვიპოვოთ, რათა რუსეთი ვაიძულოთ მშვიდობას დათანხმდეს. ვფიქრობ, პარტნიორების სამხედრო კონტინგენტების განთავსება ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თანამდებობას დაიკავებს, მოკავშირეებს უფრო მეტი თანამშრომლობა მოუწევთ.
„აშკარაა, რომ ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის ახალი ეტაპი იწყება, სულ რაღაც 11 დღეში, დრო, როდესაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა ვითანამშრომლოთ, ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად უნდა დავეყრდნოთ და კიდევ უფრო დიდ შედეგებს ერთად უნდა მივაღწიოთ. ვთვლი, რომ ეს შესაძლებლობების დროა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.