ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს.
როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი ამბობს, საქართველოს “ხელისუფლება” იყენებს ახლად მიღებულ დრაკონულ კანონმდებლობას მშვიდობიანი დემონსტრანტების ხმის ჩასახშობად, რაც ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს.
“კანონები ფაქტობრივად პროტესტის სიმბოლური აქტების კრიმინალიზებასაც კი ახდენს, როგორიცაა სტიკერების გაკვრა საჯარო შენობებზე. ეს ზომები მიზანმიმართულად გამოიყენება მშვიდობიანი დემონსტეანტების მიზანში ამოსაღებად და მათი ხმების ჩასახშობად”. – ამბობს კრივოშეევი.
ამავდროულად, Amnesty International-ი აღნიშნავს, რომ 11-სა და 12 იანვარს, თბილისსა და ბათუმში 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, აქტივისტები, ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები დააკავეს, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ მანამდე დაკავებულ დემონსტრანტებს.
ორგანიზაცია წერს, რომ ბათუმში დაკავებული აქტივისტები მათე ცენტერაძე და ციალა ქათამიძე, ახლახან მიღებული კანონით დააკავეს, რომელიც საჯარო შენობებზე საპროტესტო სტიკერების გაკვრას კრძალავს.
“ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კი 12 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად ადმინისტრაციული დარღვევისთვის – კედელზე პოსტერის გაკვრის გამო, მეორედ კი როგორც სისხლის სამართლის საქმით ეჭვმიტანილი”.
ასევე, Amnesty International ხაზს უსვამს, რომ 2024 წლის დეკემბერში წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევისა და პოლიციის სისასტიკის შესახებ ასობით ცნობის მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცავი ან ნიღბიანი ძალადობრივი ჯგუფის წევრი გამოვლენილი ან პასუხისგებაში მიცემული არ არის.