რესტორან „ბაბილოსთან“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 4 პირის ადვოკატის ელგუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, არ შეიძლება ის მოსამართლეები განიხილავდნენ აღნიშნული პირების საქმეს, რომელთაც სწორედ ამ მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ედავებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დილიდან ელოდებიან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 7 პირის საქმის ჩანიშვნას. ისინი ამ დრომდე ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.
„პროცესზე ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი პოზიციის დასაცავად, თუმცა, სასამართლოს მიკერძოებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მათ შორის ბექა პაპაშვილსაც პატიმრობას შეუფარდებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვიბრძოლებთ. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 166-ე მუხლით ედავებიან, რომ კონკრეტულ პიროვნებებს უხამსად მიმართეს. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ის პიროვნებები – მოსამართლეები, რომელთა მიმართაც ეს განხორციელდა, მეორე სართულზე იმყოფებოდნენ. 31-ე მუხლით ეს აცილების საფუძველია, ყველანაირ კანონს ეწინააღმდეგება ის მოსამართლე განიხილავდეს საქმეს, რომლის მიმართაც მათი აზრით კონკრეტული ეს ქმედება განხორციელდა.
ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ რეალურ დამკავებელ პოლიციელებს არ შესწევთ უნარი, სასამართლო პროცესებზე მოვიდნენ და კრიტიკულ კითხვებს გასცენ პასუხი. ისინი თავიანთ თანამშრომლებს უშვებენ, რომლებიც იქ საერთოდ არ ყოფილან. სასაცილო მდგომარეობაში ამყოფებენ, რადგან ფაქტობრივი გარემოებები არ იციან. როცა კითხვას ვუსვამთ, თუ რა ვითარებაში მოხდა დაკავება, აცხადებენ, თავის ფეხით მოგვყვებოდაო, როცა ვიდეოკამერებით ვხედავთ, რომ ძირს დაგდებული ადამიანი ოთხმა პოლიციელმა აიყვანა ხელში და წაიყვანა. ასეთ სასაცილო მდგომარეობაში აყენებს მათი უფროსობა თანამშრომლებს, რომელთაც სასამართლოში ცრუ მოწმეებად აგზავნიან”,- განაცხადა ავსაჯანიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 12 იანვარს 9 პირი დააკავეს.
ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია 12 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, იმ დროიდან დაიწყო, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება.
რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო, მათ შორის ტერიტორიაზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბოლოოდ მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.