ჩემი ძმის „ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის სიაში“ მოხვედრა უფრო მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა ე.წ „კაგებეშნიკური“ ხელწერა და რომლის მიზანი რეჟიმის რეალური მაცოცხლებელი ქსელიდან ფოკუსის გადატანა და მისი სიმწვავის განელებაა, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური რადიო „თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ „ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის სიაზე“, სადაც ნიკა გილაურის ძმაც არის მოხსენიებული.
როგორც ნიკა გილაურის განცხადებაშია ნათქვამი, მისი ძმის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები სავარაუდოდ სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე. მისივე აზრით, „არც „სასარგებლო იდიოტების“ გამოყენების გარეშე მოხდებოდა ეს ამბავი.
ამასთან, ნიკა გილაურის თქმით, მისი არხებით დაუკავშირდა აშშ-ს კონგრესს და მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დარწმუნებულია, რომ ეს შეცდომა მალე გასწორდება.
„რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ „ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის სიაზე“, სადაც ჩემი ძმაც არის მოხსენიებული, არ მინდოდა კომენტარის გაკეთება, სანამ „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო არ გააკეთებდა განცხადებას. გუშინ დაიდო ეს განცხადება, სადაც ძალიან კარგად არის განმარტებული, რომ კომპანიის დირექტორთა საბჭო (რომელიც სრულად ევროპელი და ამერიკელი დამოუკიდებელი დირექტორებისგან შედგება) უცხადებს სრულ ნდობას ირაკლი გილაურს და „არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას რომლის მიხედვითაც აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად, ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას.”
მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ „საქართველოს კაპიტალი“ ლონდონის ბირჟაზე განთავსებული კომპანიაა, რომელიც მართავს ამერიკული და ევროპული უმსხვილესი ფონდების ფულს. ჩემი ძმა კი არის „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორი, რომელსაც ამ დასავლურმა ფონდებმა თავისი ფული ანდეს იმისათვის, რომ მას საქართველოში ინვესტიციები გაეკეთებინა. ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, ვისაც ასეთ ნდობას უცხადებენ დასავლური ფონდები და ვისაც ამხელა თანხების მოტანა შეუძლია ჩვენს ქვეყანაში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ სწორედ იმის გამო, რომ ამ კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე ივაჭრება, მას აქვს ძალზედ მკაცრად გაწერილი ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში არ-მონაწილეობის წესები, რაც საქართველოში ხანდახან არასწორად „ითარგმნება“ ხოლმე – თითქოს სიჩუმე თანხმობის ნიშანია.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით უნდა ვთქვა, რომ ჩემი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა ე.წ “კაგებეშნიკური” ხელწერა და რომლის მიზანი რეჟიმის რეალური მაცოცხლებელი ქსელიდან ფოკუსის გადატანა და მისი სიმწვავის განელებაა. ეს ხომ სწორედ რომ „კაგებეშნიკური“ მიდგომაა – თუ ვერ აჩერებ პროცესს, რომელიც შენ წინააღმდეგ მუშაობს, მაშინ ამ პროცესის დისკრედიტაცია უნდა მოახდინო. ჩემი ძმის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები სავარაუდოდ სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე. არც “სასარგებლო იდიოტების” გამოყენების გარეშე მოხდებოდა ეს ამბავი, თუმცა “არა არს დაფარული, რაიც არ გაცხადდეს,” და ამის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით.
საქართველოს კაპიტალის განცხადებაში ასევე წერია შემდეგი: „დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით. „საქართველოს კაპიტალი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და მის ძირითად აქციონერებს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ინსტიტუციონალური ინვესტორები წარმოადგენენ. ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით კომპანია იმართება კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.“
მინდა აქვე დავამატო რომ მეც, ჩემი არხებით დავუკავშირდი აშშ-ს კონგრესს და მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეცდომა მალე გასწორებული იქნება. ხოლო ის ადამიანები, ვისზეც მართლაც დგას ეს რეჟიმი, აუცილებლად დასანქცირდებიან. როგორც დამარწმუნეს ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა, „ეს სია დასაკალიბრებელია – შეიძლება ვიღაც არასწორად მოხვდა (სხვადასხვა მიზეზების გამო და ესეც გაირკვევა) და ვიღაც კი დასამატებელი იყოს“, – აცხადებს ნიკა გილაური.
ცნობისთვის, რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ამავე წერილში, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, – რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.
გამოცემის თანახმად, სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, არიან: „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“: ეკატერინა ხვედელიძე – ბიძინა ივანიშვილის ცოლი; ალეკო ივანიშვილი – ბიძინა ივანიშვილის ძმა; უჩა მამაცაშვილი – ივანიშვილის დეიდაშვილი; შმაგი კობახიძე – ივანიშვილის დისშვილი. სიაში მოხსენიებულია, როგორც „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრი“.
„ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები: ნათია თურნავა – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი; კახა ბექაური – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე; თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის მეთაური; გრიგოლ ლილუაშვილი – სუს-ის უფროსი; ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გახდა აშშ-ის მიერ „მაგნიტსკის სანქციების“ დაწესების შემდეგ; კახა კალაძე – თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე – წერილში მოხსენიებულია, როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“; ასევე, ლაშა ნაცვლიშვილი – მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“; ვასილ მაღლაფერიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, სამეურვეო საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. სიაში მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“.
„კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან: ირაკლი რუხაძე – „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე); სოსო ფხაკაძე – „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი; ხვიჩა მაქაცარია – „სელფის“ (ყოფილი „ბილაინის“) მფლობელი; მისი დაფუძნებული CBS ჯგუფი საქართველოში აერთიანებს კომპანიებსა და აქტივებს კომპანიებში “თელმიკო”, “თბილისი ენერჯი”, “საქართველოს ლატარიის კომპანია” და ა.შ. ირაკლი გილაური – „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი; ვანო ჩხარტიშვილი – „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი; სულხან პაპაშვილი; გიორგი კაპანაძე („რიჟა“), რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ წილების ნაწილს ფლობს და დე ფაქტო განკარგავს; ილია წულაია – „არქის“ დამფუძნებელი; ნოშრევან ნამორაძე – „ვიარ ჰოლდინგის“ [VR Holding], „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“, „კრწანისი როიალ რეზიდენსის“, „კრწანისი ვილა რეზიდენსის“, „თაბორი ფორესთ-პარკ რესორტის“ და სხვა კომპანიების მფლობელი; ვიქტორ ჯაფარიძე – „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი. მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე; ლევან მურუსიძე.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, წერილში მოთხოვნილია ამ პირების დასანქცირება.