სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს მზია ამაღლობელის მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, – ამის შესახებ ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ინსტიტუტი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება და დაეხმაროს სასამართლოს განსახილველი საკითხის შეფასებაში.
სახალხო დამცველი ასევე მიიჩნევს, რომ პოლიციელზე თავდასხმის მუხლი არაპროპორციულად მძიმე სასჯელს ითვალისწინებს იმ ქმედების მიმართ, რასაც დასჯადად აცხადებს.
„ანალოგიური სასჯელი არის ისეთ მძიმე მუხლებზე, როგორიცაა ყაჩაღობა, პირადი ცხოვრების გასაჯაროება და ა.შ. ესეც ის ნაწილია, სადაც ვფიქრობ, რომ მმართველმა პარტიამ უნდა გადახედოს თვითონ ამ მუხლის სიმკაცრის ხარისხს“, — თქვა ლევან იოსელიანმა.
„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.