პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა მიიღო.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
ამასთან, დღევანდელ სხდომაზე გიგაურის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. ასევე, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
პროკურორი თამარ იაკობიძე შუამდგომლობაში განმარტავდა, რომ საქმეზე ახალი გარემოება გამოვლენილი არ არის, რაც ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობას შეცვლიდა, ან გააუქმებდა.
ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდებულის პიროვნების, ასევე დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობს.
დაცვის მხარე აღნიშნულ პოზიციას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ საქმეზე ახალი გარემოება გამოვლენილია, ვინაიდან ადვოკატის თქმით, მას მტკიცებულების სახით საქმეზე წარმოდგენილი აქვს ვიდეო, სადაც ჩანს, თუ რით იყო ბრალდებულ გიგაურის ქმედება განპირობებული. როგორც ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განმარტა, ბრალდებულის საქციელი პოლიციელის ქმედებიდან გამომდინარეობდა, რადგან მას პოლიციელმა სახეში ხელი გაარტყა, რისი საპასუხო ქმედებაც განახორციელა გიგაურმა.
ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, „ე.წ. დაზარალებული პოლიციელი მოძალადეა“. მისივე თქმით, გიგაური თავს იცავდა.
ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახეობა არ უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა, ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენება შესთავაზა, რისი განსაზღვრაც სასამართლოს მიანდო.
მცირე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ანატოლი გიგაურმა.
„ჩემთვის საქართველო ღირსების საკითხია. ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი ფარი, ჭანჭიკი ვარ. სანამ ცოცხალი ვიქნები, ვიბრძვი და ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვის. მუნდირის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, კლასელებიდან დაწყებული, ყველა, ჩემი გარემოცვა პოლიციელია, როგორ მექნება ამასთან შეუთავსებლობა“, – განაცხადა გიგაურმა. ამასთან, გიგაურმა განაცხადა, რომ ის არასდროს იტყუება, ვაჟკაცი და ხევსურია.
მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და გიგაური კვლავ პატიმრობაში დატოვა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი და საფრთხეები არსებობს. მოსამართლის თქმით, დაცვის მხარის აპელირებას, რომ გიგაური თავს იცავდა, ვერ დაეთანხმებოდა, ვინაიდან გიგაურისთვის სახეში გარტყმიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, მის მიერ პოლიციელისთვის სახეში ხელის შემორტყმა თავდაცვა არაა.
გიგაურის თქმით, აღნიშნულ დროს მას პოლიციელმა შეაგინა, რის გამოც განახორციელა მან ის ქმედება.
უფრო მანამდე, დავით მგელიაშვილის კითხვაზე, ცნობდა, თუ არა ის თავს დამნაშავედ, განაცხადა, რომ „თავს იცავდა”.
„თავს დამნაშავედ არ ვთვლი, ვეთანხმები, რომ ნამდვილად განვახორციელე ქმედება, რაც ვიდეოზეა, მაგრამ თავდასხმის ქვეშ ვიყავი, რაც შევძელი და როგორც შევძელი, ის ქმედება განვახორციელე”,- განაცხადა გიგაურმა.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.