ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა დაადასტურა, რომ ისრაელმა, „ჰამასმა“, შეერთებულმა შტატებმა და კატარმა ხელი მოაწერეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას. როგორც Jerusalem Post-ი ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტს შეთანხმების დასამტკიცებლად მოიწვევს.
„პრემიერ-მინისტრის ოფისმა პარასკევს დილით გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ისრაელის, „ჰამასის“, შეერთებული შტატების და კატარის წარმომადგენლებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი დოჰაში შეთანხმებას მძევლების გათავისუფლებისა და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ნეთანიაჰუ ინფორმირებული იყო შეთანხმების შესახებ და გასცა მითითებები სამხედრო-პოლიტიკური მინისტრთა კაბინეტის მოწვევისა და შემდეგ მთავრობის სხდომის გეგმის დასამტკიცებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ღაზის სექტორში კონფლიქტის მონაწილე მხარეები – ისრაელი და მოძრაობა „ჰამასი“ – კატარის, ეგვიპტისა და შეერთებული შტატების შუამავლობით შეთანხმდნენ 42-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე და საომარი მოქმედებების საბოლოო დასრულების სურვილის შესახებ განაცხადეს.
შეთანხმების პირველი ეტაპი მოიცავს 33 ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას დაახლოებით 1000 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.
ისრაელის ჯარები უნდა გავიდნენ ღაზოს სექტორის საზღვრებთან, თუმცა ისინი ამ დროისთვის ამ საზღვრებში დარჩებიან.
ცეცხლის შეწყვეტის პირველი დღიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დღეში 600 სატვირთო მანქანამდე გაიზრდება, მათ შორის იქნება 50 საწვავით დატვირთულ;ი მანქანა. პალესტინელები მიიღებენ 200 ათას კარავს და 60 ათას მოძრავ სახლს.
შეთანხმების გარანტორები არიან კატარი, ეგვიპტე და შეერთებული შტატები, რომლებიც კაიროში საკოორდინაციო ცენტრს შექმნიან.
ზავის მე-16 დღეს, ისრაელმა და „ჰამასმა“ ვალდებულება აიღეს დაიწყონ მოლაპარაკებები შეთანხმების მეორე ფაზაზე, რომელიც სავარაუდოდ მოიცავს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას, მუდმივ ზავსა და ისრაელის ძალების სრულ გაყვანას ღაზის სექტორიდან.
სამშვიდობო პროცესის გარანტორები ასევე საუბრობენ მესამე ეტაპზე, რომელიც მოიცავს ცხედრების გაცვლას, ღაზოს სექტორის აღდგენას და მისი ბლოკადის დასრულებას.
ეს არის მეორე ზავი კონფლიქტის პერიოდში. პირველი 2023 წლის ნოემბერში დაიდო და ექვს დღეს გაგრძელდა.