ქართული ოცნების მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 პატიმარი შეიწყალა, – ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ ყაველაშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებსაიტი ამ დრომდე გათიშულია და მასზე წერია, რომ ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს.
ყაველაშვილი პოსტში, რომელიც შეწყალების გამოცემასთან დაკავშირებით დაწერა, არ ახსენებს, თუ რომელ მუხლებს და რა ტიპის დანაშაულებს შეეხო შეწყალება.
“საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.
გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად”, — წერს ქართული ოცნების პრეზიდენტი.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმაციას დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს — მის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.