მე გადაღებული მქონდა საკუთარი დაკავების კადრი, მათ შორის საუბარი ირაკლი დგებუაძესთან, რომელიც არის მტკიცებულება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, – ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელების” ოპერატორმა გურამ მურვანიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დაკავების შემდეგ მობილურიდან ყველა მასალა წაუშალეს.
„ჩემი დაკავება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძის უშუალო ბრძანებით მოხდა, როცა გაიგო, რომ „ბათუმელების“ თანამშრომელი ვიყავი. დაკავების მომენტში ორივე ხელი მაღლა მქონდა აწეული და მობილური ტელეფონით საპროტესტო აქციას ვიღებდი. ირაკლი დგებუაძემ პოლიციის თანამშრომლებს უბრძანა, წაერთმიათ ჩემთვის ტელეფონი და წაეშალათ ინფორმაცია. ამ ბრძანების მოსმენისთანავე, ჩემთან მოვიდა რამდენიმე პოლიციელი და ხელების დამტვრევის მუქარით მომთხოვეს მეჩვენებინა თუ რას ვიღებდი და წამეშალა. მოვასწარი ტელეფონის დაბლოკვა და მოგვიანებით გავთიშე ის. მე გადაღებული მქონდა საკუთარი დაკავების კადრი, მათ შორის საუბარი ირაკლი დგებუაძესთან, რომელიც არის მტკიცებულება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ეს იცოდა, როგორც მოსამართლე ირმა ტოგონიძემ, ასევე შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ.
რადგან ჩემი ტელეფონი პოლიციიდან ქარხნულ მდგომარეობაში დამიბრუნეს, როგორც ჩანს იმ პერიოდში, როცა ვიმყოფებოდი დროებითი მოთავსების იზოლატორში, შსს-ს თანამშრომლებმა გახსნეს დალუქული მობილური ტელეფონი, შეაღწიეს სისტემაში, შემდეგ კი ინფორმაცია წაშალეს. ჩემს ტელეფონში შემოღწევით და ამ მასალების წაშლით მოხდა არა მხოლოდ ჩემი პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება და განადგურება, არამედ მოხდა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არსებული მტკიცებულების განადგურებაც,“ – ამბობს გურამ მურვანიძე.
„12 იანვარს, ბათუმში დააკავეს ონლაინგამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
ამაღლობელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში შეიყვანეს, სადაც მას ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ აგინა და სახეში აფურთხა. რამდენიმე საათის განმავლობაში მზია ამაღლობელს არ მისცეს წყლის დალევის საშუალება და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება.
მზია ამაღლობელის დაკავების დღესვე, 12 იანვარს, დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე. გურამ მურვანიძის დაკავების ბრძანება ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ გასცა. გურამ მურვანიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა.
გურამ მურვანიძის თქმით, არაერთგზის განუმარტა პოლიციელებს, რომ „ბათუმელების“ ოპერატორი იყო, თუმცა ის მაინც დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მიყვანის შემდეგ, როცა მას პირადი ნივთები ჩამოართვეს დასალუქად, პოლიციელებმა ნახეს მისი პრესის ბარათი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ნამდვილად „ბათუმელების“ თანამშრომელი იყო. ამის მიუხედავად, გურამ მურვანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გურამ მურვანიძეს რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გურამ მურვანიძემ ფოთის იზოლატორი, სადაც ადმინისტრაციული პატიმრობა გაატარა, 20 იანვარს დატოვა.
21 იანვარს გურამ მურვანიძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მივიდა საკუთარი ნივთების წამოსაღებად. გურამ მურვანიძეს დაუბრუნეს პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონი, რომელსაც აღარ ჰქონდა ორმაგი დაცვა, ტელეფონი იყო სრულიად გასუფთავებული, Apple-ის ანგარიშები, რომლებითაც მანამდე სარგებლობდა, აღარ ფიქსირდებოდა ტელეფონში, სისტემა იყო ნულოვან რეჟიმზე და თავიდან ითხოვდა კონფიგურირებას, როგორც ახალი ტელეფონი”,- აცხადებენ გამოცემაში.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, მურვანიძის ინტერესებს საია იცავს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და გურამ მურვანიძემ გუშინ, 22 იანვარს, უკვე მიმართეს შსს გენერალურ ინსპექციას, მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს გენერალურ პროკურორს. სამივე უწყებაში შესულია განცხადება.
მოთხოვნები:
შსს-ს გენინსპექციისგან ვითხოვთ, მათი კომპეტენციის ფარგლებში, მოახდინონ რეაგირება და დაიწყონ მოკვლევა შსს-ს კონკრეტულ თანამშრომლებთან მიმართებით, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს კანონმდებლობის მოთხოვნები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან ვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად.
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა დანაშაულია (სსკ-ის 154-ე მუხლი). ამავე დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (სსკ-ის 284-ე მუხლი) და კომპიუტერული მონაცემის ან სისტემის ხელყოფა (სსკ-ის 286ე მუხლი). აღსანიშნავია, რომ სამივე მუხლისათვის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ზემოთ ხსენებული ქმედებები, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
საქართველოს გენერალური პროკურორისგან ვითხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე/განცხადება და დაავალოს შესაბამის პირებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, რათა დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც უნებართვოდ შეაღწიეს გურამ მურვანიძის მობილურ ტელეფონში და წაშალეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია”,- აცხადებენ გამოცემა “ბათუმელებში”