2024 წელს არაერთ აქციაზე მოხდა შეკრების თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვა, სპეციალური საშუალებების არასათანადო გამოყენება, აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, ძალადობა და უკანონო დაკავება – ძალადობრივი ინციდენტების განმეორებადი ხასიათი, ასევე წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობის არარსებობა მიუთითებს რეპრესიების სისტემურ და კოორდინირებულ პოლიტიკაზე,- ამის შესახებ 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ანგარიშში აისახა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებზე. მათივე ცნობით, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2024 წელს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე; საპარლამენტო არჩევნებზე; სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების დევნაზე; საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებზე.
„2024 წელს არაერთ აქციაზე მოხდა შეკრების თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვა, სპეციალური საშუალებების არასათანადო გამოყენება, აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, ძალადობა და უკანონო დაკავება. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების პროგრესის ან დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში, ზოგჯერ, კარგად ჩანს სამართალდამცველთა მიერ სავარაუდო წამების ან დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები, გამოძიება მაინც მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იწყება ყველა საქმეზე. მეტიც, საჯარო პირებმა, თავი შეიკავეს საპოლიციო ძალების მხრიდან გამოვლენილი ძალადობის დაგმობისგან. დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო გამძაფრდა იმ ფაქტით, რომ სამართალდამცავებს არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, სახე კი ნიღბებით ჰქონდათ დაფარული. ამ მოვლენების თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებსა და სტამბოლის პროტოკოლს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ძალადობრივი ინციდენტების განმეორებადი ხასიათი, ასევე წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობის არარსებობა მიუთითებს რეპრესიების სისტემურ და კოორდინირებულ პოლიტიკაზე, რაც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს მთავრობის პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა დაშინებას და მათზე შურისძიებას“,- ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე საუბარია გასულ წელს არსებულ მედია გარემოზე და აღნიშნულია, რომ 2024 წელს განსაკუთრებულად გაუარესდა მედიაგარემო და მედიის წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა.
„საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული მედიაგარემო მუქარის, დაშინებისა და ძალადობის გავრცელებული ფაქტებით გამოირჩეოდა. თავდასხმა, როგორც წესი, დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ ხდებოდა. მმართველმა პარტიამ მიიღო „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონი, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, საქმიანობის შეზღუდვას და საბოლოოდ მათ ლიკვიდაციას. საქართველოს პარლამენტი თანდათანობით იქცა დახურულ სივრცედ დამოუკიდებელი მედიისთვის, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზაცია მძიმედ აისახა მედიის თავისუფლებაზე. კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად დარჩა დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების სარჩელები (SLAPP), რომელიც ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისკენ არის მიმართული. ასევე, სერიოზულ გამოწვევად იქცა ყოველდღიური დეზინფორმაცია. აქედან გამომდინარე, წლის ბოლოს, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯმდომრის და დირექტორის მიერ პოსტების დატოვება მოითხოვეს არხის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო“,- ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიში სრულად, შეგიძლიათ იხილოთ აქ.