მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ირაკლი კობახიძეს მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციით დახვდნენ

Published:

მიხეილ მესხის სტადიონზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისვლას, მედიის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა.

ისინი გამოცემა „ბათუმელების” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და მის დაკავებას აპროტესტებენ.

ჟურნალისტებს მიტანილი აქვთ მზია ამაღლობელის ფოტოსურათები. ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“.

სტადიონის შესასვლელის კარი ბოქლომით არის ჩაკეტილი. „მშიშარა მშიშარა“, – ასე მიმართავენ ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც სტადიონის ტერიტორიაზე, სპორტის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.

როგორც ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ლოკომოტივის სტადიონზე პრემიერ-მინისტრი შეაპარეს, ხოლო მედიის წარმომადგენლების ნაწილი არ შეუშვეს.

“არ შემოგვიშვეს, დაცვამ მოასწრო, კობახიძე შეაპარეს. ვიცოდით, რომ დღეს კობახიძე აქ მოდიოდა, მოვასწარით მოსვლა, მაგრამ შავი “ჯიპებით” შემოგვასწრეს შემოსვლა, დაცვის კოჰორტა მოჰყვებოდა. კარები ჩარაზეს, უკან დაცვით და პოლიციით არის გარშემორტყმული. აქ იმიტომ ვართ, რომ ველოდებით მზია ამაღლობელის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ის უკვე 18 დღეა შიმშილობს. მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რადგან ის არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი. თავისუფლება მზიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს. ჩვენ მანამდე ვიბრძოლებთ, სანამ სინდისის პატიმრები არ გათავისუფლდებიან”, -განაცხადა გელა მთივლიშვილმა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img