თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რიყის პარკთან მოზარდი ე.წ. დოქების შენობაში დაიღუპა, რომელიც კერძო საკუთრებაა და დაკეტილი იყო.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შენობა არ ფუნქციონირებს.
თბილისის მერმა „ტვ პირველი“ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა და მას „ძალადობის წამახალისებელი ტელევიზია“ უწოდა.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. უმძიმესია ის ყველაფერი, რაც მოხდა, თუმცა სამარცხვინოები ხართ თქვენ კონკრეტულად, ტელევიზია „ტვ პირველი“ იმის გამო, რაც იკადრეთ. ცრუ ინფორმაციას ავრცელებდით იმასთან დაკავშირებით, თითქოს რიყის პარკში, თხრილში უბედური შემთხვევა მოხდა. სამწუხაროდ, ამ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდით და ამიტომ ხართ ბინძური, სამარცხვინო ტელევიზია, ამიტომ აქვს საზოგადოების უდიდეს ნაწილს თქვენს მიმართ ის დამოკიდებულება, რაც გეკუთვნით. რაც გეკუთვნით, იმას იღებთ ყოველთვის საზოგადოებისგან და ასე იქნება მომავალშიც. რაც შეეხება ამ სამწუხარო ფაქტს, საზოგადოებამ რომ იცოდეს სიმართლე – ეს სამწუხარო და საშინელი ფაქტი მოხდა ე.წ. დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება და რომელიც იყო დაკეტილი. სხვა დანარჩენზე მე აღარ გავაგრძელებ საუბარს ოჯახის ტკივილიდან და იმ უბედურებიდან გამომდინარე, რაც მოხდა“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით არანაირი მშენებლობის ნებართვა არ არის გაცემული.
„ეს არის დახურული შენობა-ნაგებობა, დაკეტილია, არ ფუნქციონირებს და იქ არაფერი არ არის. თქვენ საკუთარ სახლში, რომელიც დაკეტილი გაქვთ, ან გაქვთ საკუთარი სახლი, სადაც არ ცხოვრობთ, მუნიციპალური ინსპექცია უნდა იდგეს და უნდა იცავდეს?ეს არის კერძო საკუთრება. ამიტომ გეუბნებით, რომ ხართ სამარცხვინოები, უსამართლოდ როდესაც იქცევით. ყველა უმძიმესი ფაქტის გამოყენება პოლიტიკურად გინდათ, ამიტომ ხართ სამარცხვინოები. ამიტომ არის ხალხი რომ გლანძღავთ, გაგინებთ, ხან მიკროფონს გირტყამთ თავში. აი, ეს არის საზოგადოების მხრიდან იმის გამოხატულება, რასაც თესავთ. თქვენ ხართ პირველი მოძალადეები, ძალადობის წამახალისებელი ტელევიზია. გუშინაც ვუთხარი თქვენს კოლეგას, თქვენ არც მზია ამაღლობელის ბედი გაინტერესებთ, არც მისი ჯანმრთელობა. ამას აკეთებთ იმიტომ, რომ პოლიტიკურად გამოიყენოთ“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, რიყის პარკთან არსებულ შენობა-ნაგებობაში შაბათს ტრაგედია მოხდა – დაღუპულია მოზარდი. ადგილი, სადაც ბიჭი ჩავარდა, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.