საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. ის უკვე მე-19 დღეა შიმშილობს.
საია-ს ცნობით, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია, კერძოდ, შესაბამისი უწყებები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას არ აწვდიან.
“განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა”, – აცხადებენ საია-ში.
საია-ში ამბობენ, რომ სახალხო დამცველის სამედიცინო წარმომადგენლის მიერ მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები, თუმცა, კონკრეტულად კვლევები და მათი შედეგები, უცნობია.
“მართალია, კანონმდებლობით დადგენილია მოშიმშილე ბრალდებულის მოვლის წესები, თუმცა, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი მზია ამაღლობელის მოვლა. მით უფრო, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, მხედველობის სერიოზული პრობლემები და შესაძლოა არსებობდეს მათი გამწვავების რისკები.
შესაბამისად, მივმართავთ სახალხო დამცველს:
- სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი.
- მოგვაწოდოს მზია ამაღლობელთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად;
- გამოითხოვოს პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელის შიმშილობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და გადმოგვცეს მათი ასლები;
- შეაფასოს მზია ამაღლობელის შიმშილობიდან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესაბამისობა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანია იმის შეფასება, ხომ არ სჭირდება მას მრავალპროფილური დახმარება და რამდენად მზადაა მისი მოთავსების დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
- უზრუნველყოს წარმომადგენელის/ექიმის მიერ მოშიმშილე პატიმრის ყოველდღიური მონახულება და მისი ჯანმრთელობის კონტროლი.
მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რათა თავიდან ავიცილოთ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო გამოუსწორებელი შედეგები”, – აცხადებენ საია-ში.