საქართველოს ნაკრები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.
რიჩარდ კოკერილის მიერ დასახელებულ გაფართოებულ შემადგენლობაში მცირე ცვლილებებია. შეკრებაზე ვერ ჩამოვიდა „ბრივის“ ცენტრი გიორგი შველიძე, მის ნაცვლად მწვრთნელმა გუნდში „შავი ლომის“ ფულბეკ ლუკა ცირეკიძეს უხმო. გუნდს „შავი ლომიდან“ მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი დაემატა, ხოლო ტრავმის გამო შეკრება მგეზავმა თედო აბჟანდაძემ დატოვა.
„ბორჯღალოსნები“ წლის პირველ თამაშს შვეიცარიის ნაკრებთან პირველ თებერვალს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე, 16:00 საათზე გამართავენ. 8 თებერვალს 15:00 საათზე, ასევე „ავჭალაზე” ნიდერლანდებს უმასპინძლებენ, ჯგუფურ ეტაპის ბოლო მატჩში კი 16 თებერვალს სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
B ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია და გერმანია მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები ნახევარფინალში გავლენ და, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის საგზურსაც მოიპოვებენ.
შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტჯერ (16) აქვს მოგებული (ბოლო შვიდჯერ ზედიზედ, 2018-2024 წლები). რუმინეთმა ტურნირი ხუთჯერ, ხოლო პორტუგალიამ ერთხელ მოიგო.
საქართველო შვეიცარიას ერთადერთხელ, 31 წლის წინ ეთამაშა და მაშინ სტუმრად მინიმალური სხვაობით, 22:21 გაიმარჯვა.