„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ოქუაშვილი აცხადებს, უკანონო ფინანსური მაქინაციების გამო „მთავარი არხი“ ხელოვნურ გაკოტრებამდეა მისული.
მისი განცხადებით, „მთავარი არხის“ გადასარჩენად საჭიროა მის დირექტორად მოვიდეს ჟურნალისტებისა და საზოგადოებისათვის მისაღები პირი, რომელიც კანონიერად მართავს არხს.
ოქუაშვილი მიმართავს „მთავარი არხის“ 37%-იანი წილის მფლობელს, მასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა „მთავარი არხის“ გადარჩენაში“.
„ვეხმაურები „მთავარი არხის“ სახელით გამოქვეყნებულ განცხადებას. „მთავარი არხის“ მხრიდან მორიგი შავი პიარის აგორება საეჭვოდ დაემთხვა სწორედ იმ დღეს, როდესაც ივანიშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ ჩემს მიერ წამოწყებული პროცესის მორიგი სასამართლო სხდომები დაიწყო ლონდონში, სადაც კვლავ გრძელდება ჩემი სამართლებრივი ბრძოლა ივანიშვილის ხელისუფლების რეჟიმთან. გვარამია და გაბუნია თავისუფალნი არ არიან თავიანთ განცხადებებში, რადგან არიან ივანიშვილის მძევლები მათ მიერ ჩადენილი უკანონო ფინანსური მაქინაციების გამო, რამაც „მთავარი არხი“ მიიყვანა ხელოვნურ გაკოტრებამდე.
„მთავარი არხის“ ანგარიშებს ინკასო ადევს უკვე სამი წელია და ტელეკომპანია ვერ აწარმოებს ოფიციალურ გადარიცხვებს. ჩემს მიერ წარდგენილი დირექტორი გიორგი ქურდაძე არ გახდა თანამონაწილე „მთავარ არხზე“ მიმდინარე დანაშაულებრივი ქმედებებისა. ქურდაძის მოთხოვნა არხის მუშაობის კანონიერ ფარგლებში მოქმედებაა. სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსი“, რომელიც ჩართული იყო ფულის გათეთრების მაქინაციურ სქემაში, გიორგი ქურდაძის მიერ მხილების შემდეგ აღარ თანამშრომლობს მთავარ არხთან და შესაბამისად რეკლამაც არხზე შეჩერებულია. ჩემი მოთხოვნა იყო მარტივი: გაბუნია, რომელმაც გარდა „მთავარ არხზე“ უკანონო ქმედებებისა თავი გამოიჩინა ჩემს მიმართ ცილისწამებითა და ტყუილებით, აღარ ყოფილიყო ამ არხის გენერალური დირექტორი. გაბუნიას სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ თავისი ცოლის – სოფიო ლილუაშვილის კანდიდატურა შემომთავაზა, რაზეც თავი შევიკავე. კიდევ ერთხელ მივმართავ „მთავარი არხის“ 37%-იანი წილის ნამდვილ მფლობელს, ჩემთან ერთად მიიღოს მონაწილეობა უკანონობის გამოსწორებასა და „მთავარი არხის“ გადარჩენაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დუმილი „ქართული ოცნებასთან“გარკვეულ გარიგების შთაბეჭდილებას ტოვებს. „მთავარი არხის“ გადასარჩენად საჭიროა მის დირექტორად მოვიდეს ჟურნალისტებისა და საზოგადოებისათვის მისაღები პირი, რომელიც კანონიერად მართავს არხს. გვარამია-გაბუნიას ეს დემაგოგიური შავი პიარიც ჩემს წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ სარგებელს ემსახურება. კარგა ხანია ფარდა აეხადა გვარამიასა და ივანიშვილის ხელისუფლებას შორის ფარულ გარიგებას და საზოგადოებას არც ახლა გაუჭირდება სიმართლეში გარკვევა“, – აღნიშნულია ზაზა ოქუაშვილის განცხადებაში.
ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „მთავარი არხის” თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი გეგმაზომიერად მიყვება რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას და ეტაპობრივად ხურავს არხს, რომელიც 5 წლის განმავლობაში მყარად ინარჩუნებდა ქვეყნის ყველაზე გავლენიანი კრიტიკული მედიასაშუალების სტატუსს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზაზა ოქუაშვილის მცდელობით, უკვე ერთი თვეა ეთერში აღარ გადის რეკლამა და არხმა დაკარგა ყველა სპონსორი, რადგანაც გაყიდვების სახლთან კონტრაქტი ამოიწურა, მისი განახლების საშუალებას კი, ისევ ოქუაშვილის მითითებით, მისი დირექტორი, გოგი ქურდაძე არ იძლევა.