გამოცემა “ნეტგაზეთის” და “ბათუმელების” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი უკვე მე-20 დღეა პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. რეჟიმის პატიმარს ადვოკატები დღეს მოინახულებენ.
ამ დრომდე, პენიტენციურ სამსახურს არ აქვს ოფიციალური დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია დაპატიმრებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ცნობილია, რომ თითქმის 3 კვირიანი შიმშილობის შემდეგ გუშინ მზია ამაღლობელს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა.
საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის წევრი ექიმები მიმართავენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს რეაგირება მოახდინოს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტზე. ამასთან ექიმების განცხადებით, აუცილებელია ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ თუ როგორია მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის მაჩვენებლები, რა რაოდენობით იღებს სითხეს და რამდენი აქვს დაკლებული წონაში.
“მას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც შეუსაბამოა შიმშილობასთან და შეუთავსებელია ამ პროცესთან. ამდენად, გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში მივიღოთ მდგომარეობის გაუარესება იმაზე ადრე, ვიდრე ჩვეულებრივად ჯანმრთელი ადამიანის შიმშილობის დროს,” – განაცხადა ექიმმა მანანა ჯებაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 12 იანვარს “პოლიციელზე თავდასხმის” ბრალდებით დააკავეს.