American Airlines-ის ვაშინგტონში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს, – ინფორმაციას გამოცემა CBS News-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შავი ყუთებიდან ამოღებული მონაცემების ანალიზი ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიაში განხორციელდება, რომელიც ტრაგედიის ადგილთან ახლოს მდებარეობს.
ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) აცხადებს, რომ კატასტროფის შესახებ წინასწარი ანგარიში 30 დღეში გამოქვეყნდება. საბჭოში ასევე ირწმუნებიან, რომ მათ ბევრი ინფორმაცია აქვთ, მაგრამ მის გადამოწმებას გარკვეული დრო სჭირდება.
ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე 64 ადამიანი იმყოფებოდა, ვერტმფრენში კი – 3. ამ დროისთვის ამოყვანილია 27 ადამიანის ცხედარი თვითმფრინავიდან და ერთი – ვერტმფრენიდან. „არ ვფიქრობთ, რომ ამ კატასტროფას ვინმე ცოცხალი გადაურჩა”, – განაცხადა ვაშინგტონის სახანძრო და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯონ დონელმა.
ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. კატასტროფა მდინარე პოტომაკის თავზე მოხდა. სამძებრო და ცხედრების ამოყვანის ოპერაცია გრძელდება.