აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ირანზე “მაქსიმალური წნეხის” აღდგენის შესახებ.
ტრამპის განცხადებით, აშშ-ის წინა პრეზიდენტმა ნავთობის ექსპორტზე სანქციების არასათანადო აღსრულებით ირანს საშუალება მისცა, ნავთობის გაყიდვით ბირთვული პროგრამა და ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული ჯგუფები დაეფინანსებინა.
ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ის ხაზინას ირანზე “მაქსიმალურ ეკონომიკურ ზეწოლას” მოიცავს, მათ შორის, სანქციების დაწესებასა და ამ სანქციებისთვის თავის არიდებისთვის სათანადო საპასუხო მექანიზმების შემუშავებას. გარდა ამისა, დირექტივა ხაზინასა და სახელმწიფო დეპარტამენტს მიუთითებს, რომ ირანის ნავთობის ექსპორტი “ნულამდე დაიყვანოს”.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანი ბირთვული იარაღის მოპოვებასთან “ზედმეტად ახლოს” არის.
ტრამპმა დოკუმენტს უწოდა “ძალიან ხისტი” და მოუწოდა თეირანს სამუდამოდ უარი თქვას ბირთვული იარაღის განვითარებაზე. ამასთან, რესპუბლიკელმა მზადყოფნა გამოთქვა ირანის პრეზიდენტთან შესვედრაზე.
“მათ არ შეიძლება, ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. ჩემთან ეს ძალიან მარტივადაა, ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ჩვენ არ გვინდა, ირანის მიმართ ხისტები ვიყოთ, ხისტები ვიყოთ ნებისმიერის მიმართ, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ”, – თქვა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე მოაწერა ხელი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UNHRC) დატოვებას, გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოსთვის (UNRWA) დაფინანსების შეჩერების გახანგრძლივებასა და გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (UNESCO) მონაწილეობის გადახედვას.