საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჟურნალისტ, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის “მოამბის” წამყვანობიდან მოხსნის გადაწყვეტილებას ეხმიანება.
საიას განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანად მოქცეულია მმართველი პარტიის გავლენების ქვეშ და ჟურნალისტს მისი საჯარო პოზიციების გამო დევნის.
“გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განუსაზღვრელი დროით აღარ იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” წამყვანი.
ეს შემთხვევა არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია, რომელიც არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია იმ ორგანოსგან, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის აღიარებული.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, სწორედ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად დევნის მისსავე თანამშრომელს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მოქმედებდეს როგორც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სუბიექტი, რომელიც საჭირო ინფორმაციას აწვდის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს. ასევე, ფართოდ აღიარებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ფუნქციონირებდეს პოლიტიკური ჩარევებისგან დამოუკიდებლად. თუმცა, ის ამას ვერ ახერხებს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სახელმწიფო უწყებებისაგან, ის მთლიანად მოქცეულია მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენების ქვეშ”, – ნათქვამია განცხადებაში.