თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 500 ლარით დააჯარიმა ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევას ედავებოდნენ, კერძოდ 27 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვას.
ვაჟა გაფრინდაშვილი ირწმუნებოდა, რომ იმ დროს, რა დროსაც გზის გადაკეტვას ედავებიან საერთოდ არ იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე და “მაკდონალდში” იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასამართლოში მტკიცებულებად წარდგენილ ვიდეოში ვაჟა გაფრინდაშვილი 20:37 წუთზეა გადაღებული, სამართალდარღვევის ოქმი კი 20:17 წუთზეა შედგენილი, როცა გაფრინდაშვილით მტკიცებით, აქციაზე არ იმყოფებოდა.
გაფრინდაშვილი მოსამართლე ნინო ენუქიძის აცილებას მოითხოვდა, ვინაიდან მას სანქციები აქვს დაწესებული და იღებს “ქართული ოცნებისთვის” სასარგებლო გადაწყვეტილებებს.
ნინო ენუქიძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ვაჟა გაფრინდაშვილი არ აპირებს ჯარიმის გადახდას და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციაში გაასაჩივრებს.
75-ე დღეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.
გზის გადაკეტვისთვის კი ჯარიმები 2024 წლის 30 დეკემბრიდან გაიზარდა. ამ ქმედებაში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციული სახდელი 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარი გახდა, ხოლო ორგანიზებისთვის – 5 000-ის ნაცვლად 15 000 ლარი.