კახა კალაძე ანდრეი შევჩენკოს პასუხობს

Published:

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ თქვა, რომ ყოფილ თანაგუნდელთან და მეგობართან, კახა კალაძესთან ურთიერთობა აღარ აქვს.

„მე არ ვურთიერთობ კალაძესთან. მე მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს. კალაძე ჩემთვის არ არსებობს“, — განაცხადა შევჩენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კალაძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.

თბილისის მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე და ანდრეი შევჩენკო თანაგუნდელები იყვნენ ჯერ კიევის „დინამოში“, შემდეგ კი — „მილანში“.

ანდრეი შევჩენკო რამდენჯერმე იყო ჩამოსული საქართველოში და მხარს უჭერდა კახა კალაძეს უკვე პოლიტიკოსის რანგშიც.

2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნების წინ, ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და კახა კალაძის დახმარებით, თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატისა და მისი მეგობარი ვარსკვლავების მონაწილეობით საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ ანდრეი შევჩენკომ თქვა:

„დიდად მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ კახი კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება“.

ანდრეი შევჩენკოს მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობაში აგიტაციის წესის შესაძლო დარღვევის თაობაზე მაშინ საიამ ცესკოს მიმართა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი არ დააჯარიმა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ანდრეი შევჩენკო გააქტიურდა უკრაინისთვის შემოწირულებების შეგროვებაში და საქველმოქმედო ფონდ U24-ის პირველი ელჩი გახდა. „ქართული ოცნება“ კი კონფრონტაციაში იმყოფებოდა უკრაინის ხელისუფლებასთან. უკრაინას კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლების სხვა პირები სანქცირებული ჰყავს პუტინის სასარგებლო პოზიციებისთვის.

კახა კალაძე მიწვეული არ ყოფილა უკრაინის სოლიდარობის საფეხბურთო მატჩში, რომელიც შევჩენკოს თანაორგანიზებით 2023 წლის 27 ივნისს გაიმართა. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობდა შოთა არველაძე.

„მოწვევა არ მიმიღია და მონაწილეობასაც ვერ მივიღებ. ბოლოს როდის გახსოვთ, მეთამაშოს ეგეთ შეხვედრაში? “ — უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს 27 ივნისს.

კითხვას, მოწვევა რომ გქონოდათ, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, კალაძემ უპასუხა:

„თუ მექნებოდა დროის თვალსაზრისით შესაძლებლობა, რატომაც არა“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img