უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარიზში, ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ. ეს არის ერთადერთი გზა უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად ხანგრძლივი, მყარი და სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
მისი თქმით, „სასწორზე მხოლოდ უკრაინის მომავალი არ დევს და ეს მთელი ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია“.
„აშშ-ის უსაფრთხოების გარანტია ერთადერთი გზაა, რომ რუსეთი უკრაინაზე ხელახლა თავდასხმისგან ეფექტურად შეაჩეროს“, – აღნიშნა სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მომავალ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე „ხანგრძლივი მშვიდობის ძირითად შემადგენელ ნაწილებს განიხილავს“.