ეკონომიკის სამინისტროსთან დევნილებმა მდუმარე აქცია გამართეს

Published:

„ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლების, სოციალურად დაუცველებისა და ეკომიგრანტების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა ადამიანებმა დღეს ეკონომიკის სამინისტროსთან მდუმარე აქცია გამართეს.

  • „სოლიდარობა ყველას, ვისთანაც ვიზიარებთ გადარჩენისთვის მუდმივი ბრძოლის მძიმე ხვედრს“
  • „უსაფრთხოება და კეთილდღეობა ყველა ბავშვს“
  • „სოლიდარობა ყველას, ვისთანაც სიღარიბისა და უსახლკარობის მრავალწლიანი ტვირთი გვაერთიანებს“
  • „უსაფრთხო საცხოვრისი ყველას“, — წერია წებოვან ბანერებზე, რომლებიც აქციის მონაწილეებმა სამინისტროს შესასვლელთან ძირს დააკრეს.

„15 თებერვლის საღამოს მთელი საქართველო შეძრა ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მომხდარმა ტრაგედიამ – ორი მცირეწლოვანი ბავშვი ღრმა თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.

უკვე მე-13 წელია, მაღალმთიანი აჭარიდან წამოსული ოჯახები არაფორმალურ დასახლებაში, სახელდახელოდ ნაგებ ქოხებში ცხოვრობენ. დასახლების სახელიც არ არის შემთხვევითი: საცხოვრისის პრობლემის მქონე ოჯახებს სჯეროდათ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლებოდა და ბოლოს და ბოლოს შეძლებდნენ ცხოვრების ღირსეულ პირობებში გაგრძელებას.

აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ადამიანებს გამორჩეული სიმძაფრითა და ტკივილით გვესმის, რას ნიშნავს, ცხოვრობდე უკიდურეს სიღარიბეში, სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში და ზრდიდე შვილებს იქ, სადაც მათი კეთილდღეობისთვის არავითარი წინაპირობა არ არსებობს. ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს ღირსეული საცხოვრისის დაუსრულებელი მოლოდინი და ამ ბუნდოვანი იმედის გამო აღებული დუმილის ტვირთი.

დაუდევრობა, უგულებელყოფა, ღირსების შემლახავი საცხოვრებელი პირობები, დაკანონებული სიღარიბე, კორუფცია და ნეპოტიზმი ჩვენს და ჩვენი შვილების სიცოცხლეს მუდმივ საფრთხეს უქმნის. სულ რაღაც ერთი თვის წინ, სიღარიბეს და გარიყვის პოლიტიკას, ოკუპირებული გალის რაიონში, სოფელ საბერიოში, ჩვენი დიდი ოჯახის ხუთი მცირეწლოვანი წევრი ემსხვერპლა. ამ მძიმე გამოცდილებების გათვალისწინებით, შეუძლებელია, არ გამოვხატოთ სოლიდარობა და თანადგომა“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აქციის გამართვამდე გაავრცელა პლატფორმამ „დევნილების ხმა“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img