მოსკოვიდან თბილისისკენ გამოფრენილი აზიმუტის თვითმფრინავი უკან გაბრუნდა

Published:

ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავი, რომელიც 19 თებერვალს მოსკოვიდან თბილისისკენ რეისს ასრულებდა, „ტექნიკური მიზეზების“ გამო მოსკოვისკენ, ვნუკოვოს აეროპორტში გაბრუნდა.

ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ მედიაში ვრცელდება, სადაც წერენ, რომ ავიაკომპანია მგზავრების თბილისში ჩამოყვანას სარეზერვო თვითმფრინავით უზრუნველყოფს.

„აზიმუტი“ გახდა პირველი რუსული კომპანია, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენის ნებართვა მისცა. „აზიმუტი“, „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად, არის ავიაკომპანია, რომელმაც მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება დაიწყო. პირველი რეისი 2023 წლის 19 მაისს თბილისის მიმართულებით შედგა. რუსული კომპანია რეისებს ასრულებს როგორც თბილისის, ისე ბათუმისა და ქუთაისის მიმართლებით.

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა 2023 წლის 15 მაისს მოიხსნა. ამავე დღეს გაუქმდა რუსეთში მოგზაურობის მიზნით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი.

ტექნიკური გაუმართაობა „აზიმუტის“ რეისების შემსრულებელი თვითმფრინავებისთვის სიახლე არ არის. 2024 წლის ივლისში მათი ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა, მეორე კი რამდენიმე დღეში გენერატორის გათიშვის გამო ავარიულად დაეშვა.

კომპანია „აზიმუტი“ სანქცირებულია უკრაინის მიერ. რუსულ ავიაკომპანიებსა და თვითმფრინავებს უსაფრთხოების კუთხით განსაკუთრებული პრობლემები უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების დაწესების შემდეგ შეექმნათ. დასავლურ ავიაკომპანიებსა და მწარმოებლებს აეკრძალათ ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევა რუსული კომპანიებისთვის, ასევე აიკრძალა მათთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img