ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასმა“ შირი ბიბასის ნაცვლად ღაზაელი ქალის ცხედარი გადმოგვცა, ეს არის ენით აღუწერელი ცინიზმი – ისრაელი მტკიცედ იმოქმედებს ყველა მძევლის დასაბრუნებლად

Published:

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელელი მძევლის ცხედრის ნაცვლად პალესტინელი ქალის ცხედრის გადაცემა ენით აღუწერელი ცინიზმია.

„ჰამასის“ მონსტრების სისასტიკეს საზღვარი არ აქვს. მათ არა მარტო გაიტაცეს მამა, იარდენ ბიბასი, ახალგაზრდა დედა, შირი და მათი ორი პატარა შვილი, არამედ, ენით აუწერელი ცინიზმით, შირი შვილებთან, პატარა ანგელოზებთან ერთად არ დააბრუნეს და კუბოში ღაზაელი ქალის ცხედარი ჩაასვენეს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი მტკიცედ იმოქმედებს შირისა და ყველა ისრაელელი მძევლის, როგორც ცოცხლის, ასევე დაღუპულის, დასაბრუნებლად. ნეთანიაჰუმ მწუხარება გამოხატა დაღუპული მძევლების გამო და აღნიშნა: „ღმერთმა შური იძიოს მათი სისხლის გამო – და ჩვენც შურს ვიძიებთ“.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „იდენტიფიკაციის პროცესში დადგინდა, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელისთვის გუშინ გადაცემულ ოთხ ცხედარს შორის შირი ბიბასის ცხედარი არ არის. დანარჩენი სამი ცხედარი კი ბიბასის ორი შვილისა და 83 წლის მძევლის, ოდედ ლიფშიცისაა. „ჰამასმა“ 32 წლის შირი ბიბასი, მის შვილებთან, 4 წლის არიელთან და 9 თვის კფირთან ერთად 2023 წლის 7 ოქტომბერს, ნირ ოზის კიბუციდან გაიტაცა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img