გელა ხასაიას 4 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

Published:

„გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია, რომელსაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 4 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

გელა ხასაიას პროცესი დღეს, მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

სხდომაზე ადვოკატ თეონა ზაქარაშვილსა და მოსამართლე ნინო ენუქიძეს შორისაც იყო შელაპარაკება. ენუქიძემ ადვოკატი რეპლიკებისა და ხმამაღალი ტონის გამო 100 ლარით დააჯარიმა.

დღევანდელ სხდომაზე 3 მოწმე დაიკითხა.

როგორც პოლიციელმა ნიკა გოგიამ განაცხადა, გელა ხასაიამ 2024 წლის 4 დეკემბერს, შარაშიძის ქუჩაზე, “დროას” ოფისთან პოლიციელებს ნიკა გვარამიას დაკავებაში ხელი შეუშალა. მისივე თქმით, “დროას” ოფისის წინ ხასაია გზას კეტავდა და არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას. მოწმის თქმით, ხასაია გვარამიას დაკავებაში ხელის შეშლის გამო არ დაუკავებიათ, რადგან არ უნდოდათ ვითარების დაძაბვა.

გელა ხასაია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას არ დაეთანხმა. როგორც მან აღნიშნა, მოწმე პოლიციელებმა ცრუ ჩვენება მისცეს. ხასაიას ადვოკატის თეონა ზაქარაშვილის თქმით, თუკი ხასაიას გზის გადაკეტვას ედავებიან, მისი ქმედება 174-ე მუხლით უნდა დაეკვალიფიცირებინათ და არა 173-ე მუხლით. ამასთან ადვოკატის განმარტებით, ხასაია სამანქანო მოძრაობას არ კეტავდა, შარაშიძის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი ჩიხია და მანქანებს გადაადგილება შეეძლოთ, ამასთან ადვოკატის განმარტებითვე, ხასაია სოციალური მედიის მენეჯერია და საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე “ლაივში” იყო და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ ვიდეომტკიცებულებები და წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img