აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ ვაშინგტონი დათანხმდა პირდაპირ მოლაპარაკებებს რუსეთთან, რათა გაერკვია, რამდენად სერიოზულად არიან განწყობილი უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად, რომლის წინააღმდეგაც მოსკოვმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტ კეტრინ ჰერიჯთან ინტერვიუში ილაპარაკა.
რუბიოს თქმით, პირდაპირი კონტაქტები ერთადერთი გზაა იმის გასარკვევად, არის თუ არა რუსეთი განწყობილი იმისათვის, რომ დადგეს მშვიდობა.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობა რუსეთთან, მოგვწონს თუ არა ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ისევე როგორც ჩვენ გავაკეთეთ საბჭოთა კავშირთან, უნდა გვქონდეს შესაძლებლობა დავწმუნდეთ, სერიოზულად აპირებენ თუ არა ამ ომის დასრულებას“, – თქვა სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების დეტალები არ განიხილებოდა.
„საუბარი იყო ასეთი: ჩვენ გვჭირდება, გარკვეულ დონეზე, გავამარტივოთ ჩვენი დიპლომატიური მისიები, რადგან ჩვენ უნდა შეგვეძლოს მათთან კომუნიკაცია, ჩვენი ორი ქვეყნის ბუნებისა და მსოფლიოში არსებული მნიშვნელობის გათვალისწინებით. მეორეც, არის რაღაცები, რაზეც ჩვენ გეოპოლიტიკურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ“, – თქვა რუბიომ.
შეკითხვაზე, ხედავს თუ არა შეერთებული შტატები რუსეთის ინტერესს მშვიდობაში, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა: “ჩვენ ვაპირებთ ამის გარკვევას”.
“ჯერ ვერ გიპასუხებთ, სერიოზულად არიან თუ არა ისინი მშვიდობის საკითხისაადმი განწყობილი. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ იმოქმედებნ შემდგომ. ერთადერთი, რაზეც შევთანხმდით, არის ის, რომ მშვიდობაზე ვისაუბროთ”, – განაცხადა რუბიომ.