ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ხატია დეკანოიძის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, 10 მარტს გამოაცხადებს

Published:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პოლიტიკოსის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, 10 მარტს გამოაცხადებს. სხდომა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, კობა ჩაგუნავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, საქმეზე დართული ვიდეოჩანაწერის იმგვარი მოცემულობა წარადგინოს, რომელიც სასამართლოს სრულ სურათს აჩვენებს, ვინაიდან უწყების მიერ მოტანილ მასალას გარკვეულ მონაკვეთზე ხმა არ ჰქონდა.

სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ხალხის ის ოდენობა არ იყო, რაც ჭავჭავაძის გამზირის სავალ ნაწილს გადაკეტავდა.

შსს-ს წარმომადგენლის განმარტებითვე, ვიდეომასალა არსებობს, თუ როგორ შეექმნათ მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა, თუ როგორ შევიდა ხატია დეკანოიძე კონფლიქტში მოქალაქეებთან, რომლებიც ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და მოუწოდებდა, სხვა გზით წასულიყო.

ხატია დეკანოიძის ადვოკატის ირაკლი აბესაძის განმარტებით კი, საქმე აბსურდული და უშინაარსოა. აბესაძის თქმითვე, უდაბლესი სტანდარტით უდგება შსს მოქალაქეებს და ამ უდაბლეს სტანდარტსაც კი არ აკმაყოფილებს ის მტკიცებულება, რაც უწყებას აქვს წარმოდგენილი.

აბესაძემ კითხვით მიმართა უწყების იურისტს, აქვს თუ არა მოქალაქეს უფლება, აირჩიოს ადგილი, სად გამართავს პროტესტს, შსს-ს წარმომადგენელმა უპასუხა „რა თქმა უნდა”. თუმცა, დააკონკრეტა, რომ თუ მოქალაქეების ოდენობა საკმარისი იქნებოდა, შეეძლოთ გზის სავალ ნაწილზე გადასვლაც.

აბესაძის თქმით, პროტესტი თუ არავის დისკომფორტს არ უქმნის, ის ჩაის დალევაა, პროტესტი სწორედ სხვისი უფლების შეზღუდვას, დისკომფორტის შექმნას ნიშნავს. მან კვლავ ჰკითხა იურისტს, პირობითად, თსუ-ს ეზოში აქციის ჩატარება იგივეა, რაც ყოფილი „ჩაის სახლის წინ” აქციის ჩატარება? რასაც შსს- წარმომადგენელმა დადებითი პასუხი გასცა.

აბესაძის კითხვაზე, თუკი, საკმარისი ოდენობით ხალხი იქნებოდა გზის გადასაკეტად, ის მოქალაქე, რომელიც უკმაყოფილო იყო, ბედნიერი იქნებოდა? აღნიშნულზე იურისტმა უპასუხა, რომ “ამაზე პასუხი მას არ აქვს”.

შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პოლიციელების მიერ არაერთხელ მოხდა მოქალაქეების მოწოდება, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ. აღნიშნულზე ადვოკატმა ჰკითხა, აქვს თუ არა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი, რაზეც იურისტმა განაცხადა, რომ „ჩანაწერია, თუ როგორ ათავისუფლებენ სამართალდამცავები ტრანსპორტის სავალ ნაწილს”.

„მე ვმუშაობდი პოლიციაში 20 წელი და კარგად ვიცნობ კანონს, ბაზებს, ბრძანებებს და ა.შ. არსებობს თუ არა პოლიციელი, ან აქციის მონაწილე მოწმე, რომ მე ქუჩა გადავკეტე“?- მიმართა დეკანოიძემ შსს-ს წარმომადგენელს, რასაც იურისტმა უპასუხა, რომ „რა მტკიცებულებებიც შსს-მ ჩათვალა საჭიროდ, უკვე წარმოადგინა”.

დეკანოიძემ მას კვლავ მიმართა კითხვით, თუ პოლიციელს შეუძლია გურამ როგავას თავი გაუტეხოს, რატომ არ აღკვეთა მასა და მოქალაქეს შორის კონფლიქტი, რასაც იურისტმა უპასუხა, რომ „ამაზე არ აქვს პასუხი”.

აღნიშნულის შემდეგ, სასამართლოში შსს-ს წარმოდგენილი ვიდეომასალა გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ რაღაც მომენტში ვიდეომასალას ხმა არ ჰქონდა, რასთან დაკავშირებითაც დეკანოიძეს და მის ადვოკატს პრეტენზია ჰქონდათ. მათი თქმით, უხმო ვიდეოდან ვერ დადგინდება, ხატია დეკანოიძე კონფლიქტში შევიდა თუა არა მოქალაქესთან.

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, შემდეგ სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერის იმგვარი მოცემულობა წარმოადგინოს, რომელიც სასამართლოს სრულ სურათს აჩვენებს.

ცნობისთვის, ხატია დეკანოიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

კერძოდ კი იმას, რომ ის 17 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img