“პრეზიდენტი ზელენსკი შესახვედრად მოდის. ჩვენ ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას ორივე მხარისთვის. ჩვენ გარიგებას ვდებთ და ჩვენ უკრაინაში ვიქნებით”, – ამის შესახებ ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
ტრამპის თქმით, ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პატივს სცემს და მას კარგი ურთიერთობა აქვს, როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან.
“ჩვენ გვჭირდება იშვიათი წიაღისეული, გვაქვს, მაგრამ ის არასაკმარისია.
მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ პუტინთან. ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ ზელენსკისთანაც. ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს. დიდი პატივისცემა მაქვს ზელენსკის მიმართ.
არჩევნებში რომ არ გაგვემარჯვა, არა მგონია ახლა პუტინთან ან ვინმე სხვასთან საუბარი ყოფილიყო შესაძლებელი. ვფიქრობ, პუტინი შეასრულებს თავის სიტყვას. დიდი ხანია მას ვიცნობ და არ მჯერა, რომ ის თავის სიტყვას გატეხს. მეორე საკითხი არის უკრაინის მიწების უკრაინისთვის დაბრუნება, რაზეც ვიმსჯელებთ. ვცდით, რამდენადაც შეგვიძლია, რომ მათ დაიბრუნონ თავიანთი მიწები, მაგრამ რაც შეეხება NATO-ს, ეს არ მოხდება”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპს ჟურნალისტებმა მის მიერ გაკეთებული განცხადებაც გაახსენეს, სადაც მან ზელენსკის დიქტატორი უწოდა.
“თქვენ მაინც იტყვით, რომ ზელენსკი დიქტატორია?” – ჰკითხა ჟურნალისტმა ტრამპს.
“ასეთი რამ ვთქვი? არ შემიძლია დავიჯერო, რომ ასეთი რამ ვთქვი”, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.