ადვოკატ ლევან მახარაშვილის განცხადებით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს სურს, რომ სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართოს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ მას ამ უფლებაში სასამართლო არ შეზღუდავს და გიორგი ბაჩიაშვილი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს.
„საბოლოო სიტყვა არის ექსკლუზიური უფლება. დასკვნითი სიტყვა შესაძლებელია წარმოთქვას როგორც ადვოკატმა, ასევე ბრალდებულმა. საბოლოო სიტყვა არის მისი უშუალო უფლება, პირადად ისარგებლოს და საქმის ირგვლივ სასამართლოს მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია. ამ ექსკლუზიურობას აქვს კიდევ ერთი დამატებითი გამონაკლისი. მაგალითად, თუ დასკვნითი სიტყვის დროს მოსამართლეს შეუძლია განსაზღვროს გონივრული ვადა, ეს საბოლოო სიტყვას არ ეხება. ეს პრაქტიკა არსებობს როგორც ქართულ სასამართლო სისტემაში, ასევე ევროსასამართლოშიც. თუნდაც ბრალდებული იყოს ძებნილი ან გაძევებული სასამართლო პროცესიდან, მას ყოველთვის ეძლევა საბოლოო სიტყვის თქმის უფლება. ცხადია, ჩვენ აღნიშნულის შესახებ ვიშუამდგომლებთ. თავად ბრალდებულს სურს, რომ მიმართოს სასამართლოს საბოლოო სიტყვით და იმედს ვიტოვებ, რომ ამ უფლებაში მაინც არ შეზღუდავს მას სასამართლო“,-განაცხადა მახარაშვილმა.
ადვოკატის თქმით, დასკვნითი სიტყვა ძალიან დეტალური იქნება.
„წამობრივი სიზუსტით განხილული ყველა მოწმის ჩვენება იმ არსებით საკითხებზე, რაც საქმისთვის მნიშვნელოვანია. ასევე, განვიხილავთ ექსპერტიზის დასკვნებს, რაც საბოლოოდ, ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს, რომ საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი, რომელიც მიუთითებს ბაჩიაშვილის მიერ რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენას“,-განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი აუცილებლად დადგება.
„იმდენი განაჩენი მაქვს ნანახი მამტყუნებელი, შემდეგ გამამართლებელი და პირიქითაც, დარწმუნებული ვარ, ამ საქმის ფარგლებში საბოლოოდ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი იქნება. ცხადია, სურვილი არის, რომ სასამართლომ პირველ ინსტანციაშიც ობიექტურად მიიღოს ინფორმაცია და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს, თუმცა, ეს არის ამ სამართლებრივი ბრძოლის პირველი ეტაპი და საბოლოო გამარჯვება სხვა შენობაში იქნება“,-განაცხადა მახარაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივე მათგანზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. კერძოდ, გიორგი ბაჩიაშვილის თავდაპირველად ბრალი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების გამო წარუდგინეს. ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ასევე დაწესებული ჰქონდა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. თუმცა, ამ საქმეზე, ბაჩიაშვილს გირაო პატიმრობით შეეცვალა. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი “მტკვარი ჰესის” საქმეზე საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეზეც მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. ბაჩიაშვილს ბრალი ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული. მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.