პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური – 112-ის მიერ კამერების მეშვეობით ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა დაწყებულია

Published:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც აღნიშნული იყო რომ შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს ტოტალური კონტროლისთვის იყენებს.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აღნიშნავენ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკუთარი ინიციატივით, დაიწყო 2 დამოუკიდებელი არაგეგმური შემოწმება, რაც მოიცავდა „112“-ის მიერ კამერების მეშვეობით ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე, 20 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას წერილობით ეცნობა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, 2025 წლის 18 თებერვალს, საკუთარი ინიციატივით, დაიწყო 2 დამოუკიდებელი არაგეგმური შემოწმება (ინსპექტირება), რომელიც მოიცავს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ კამერების მეშვეობით (თბილისი, რუსთაველის გამზირი) ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას.

აღნიშნულის თაობაზე, 2025 წლის 20 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეცნობა წერილობით.

პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების 2 შემოწმება (ინსპექტირება) მიმდინარე ეტაპზეა, შესაბამისად, მის დასრულებამდე, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამსახური მოკლებულია წინასწარი შეფასების შესაძლებლობას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული ერთ-ერთი სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, საია-სთვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოების დამუშავებისას ახორციელებს კონკრეტული ადამიანების მიზნობრივ მეთვალყურეობას/თვალთვალს. მისივე თქმით, „საგანგაშოა, რომ სამინისტრო ცდილობს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის ამ ფორმით მოპოვებას“.

საია-მ მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დროულად და სათანადოდ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე ეფექტიანი რეაგირება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img