Reuters – რუსეთმა აშშ-ს ომის შეწყვეტის პირობები გადასცა

Published:

სააგენტო Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვმა აშშ-ს უკვე გადასცა უკრაინასთან სამშვიდობო და ვაშინგტონთან გადატვირთვის შეთანხმების მისაღწევად საჭირო მოთხოვნები.

თუმცა გაურკვეველია, ზუსტად რა მოთხოვნებს შეიცავს რუსეთის მიერ შედგენილი სია და მზადაა თუ არა მათ მიღებამდე უკრაინასთან მოლაპარაკების დასაწყებად. რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირები სამი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ პირობებს, როგორც პირისპირ შეხვედრის, ასევე დისტანციურ ფორმატში, ეუბნებიან წყაროები Reuters-ს.

მათ სიტყვებით, კრემლის მოთხოვნები ემთხვევა მანამდე უკრაინის, აშშ-ისა და ნატოსთვის წაყენებულ მოთხოვნებს, რომელთა შორის იყო ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინის უარის აუცილებლობა, საერთაშორისო ჯარების განლაგების დაუშვებლობა უკრაინის ტერიტორიაზე მათ შორის, პუტინის ბრძანებით რუსეთის ტერიტორიად გამოცხადებულ ყირიმსა და ოთხ უკრაინულ ოლქში.

ექსპერტების მოსაზრებით, რუსეთის მოთხოვნები მიმართულია არა მხოლოდ უკრაინასთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ, არამედ მის დასავლელ მოკავშირეებთან მოსალაპარაკებლადაც.

როგორც Brookings-ის ინსტიტუტის მკვლევარი ანჟელა სტენტი ეუბნება როიტერსს “არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი რაიმე სახის დათმობისთვის იყოს მზად”.

უფრო ადრე Washington Post-ი წერდა, რომ ევროპულმა დაზვერვამ მოუპოვა დოკუმენტი, მოლაპარაკებებზე რუსეთის პოტენციური მოთხოვნებით, რომელიც მოამზადა ანალიტიკურმა ცენტრმა, უშიშროების ფედერალურ სამსახურის ხუთივე დანაყოფთან თანამშრომლობს. მოთხოვნები მოიცავს „კიევის რეჟიმის დემონტაჟს“. გეგმაში არარეალურადაა შეფასებული აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმა, 100 დღეში მშვიდობის მიღწევის შესახებ, უკრაინის კრიზისის დასრულება კი შეუძლებლადაა მიჩნეული 2026 წლამდე.

11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართა მოლაპარაკებები კიევისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის. უკრაინულმა მხარემ მიიღო წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუკი მას რუსეთი დათანხმდება. შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა იარაღის მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარების განახლების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დეტალებზე მსჯელობა 17 მარტის შემდეგ დაიწყება.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვი გულდასმით სწავლობს ჯიდაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებულ განცხადებებს მაგრამ აშშ-ისგან ჯერ არ მიუღია საჭირო ინფორმაცია მოლაპარაკებების არსის შესახებ. პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსული და ამერიკული მხარეები ამ კვირაში გეგმავენ კონტაქტებს. კრემლის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს ჯერ არ მიუღია მოთხოვნა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო მოლაპარაკებების შესახებ, მაგრამ ასეთი საუბარი შეიძლება „ძალიან სწრაფად მოეწყოს“.

The Guardian-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 მარტს განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები რუსეთში მიემგზავრებიან “სწორედ ახლა” და დაამატა, რომ “ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული”.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img