გიორგი ჩიკვაიძე – მოვუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებას, ყოველ მიზეზგარეშე უზრუნველყონ ჩემი სასამართლო პროცესზე დასწრება დარბაზში, ეს იქნება ეტლით, საკაცით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით

Published:

მოვუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებას, ყოველ მიზეზგარეშე უზრუნველყონ ჩემი სასამართლო პროცესზე დასწრება დარბაზში, ეს იქნება ეტლით, საკაცით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით. მეცამეტე დღეა ვარ სრულ შიმშილზე. მარცხენა ფეხში გრძნობა დაკარგული მაქვს და ვერ გადავადგილდები. მარცხენა თვალში დაკარგული მაქვს მხედველობის უნარი, რაც ყოველდღე უარესდება, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი გიორგი ჩიკვაიძე წერს.

როგორც ჩიკვაიძე წერილში წერს, მისი ბრალდების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 25 მარტს გაიმართება.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გამომიცხადა სოლიდარობა, მე და ჩემს ოჯახს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ძალა აქვს თითოეულ თქვენს სიტყვას და განცხადებას, რომელსაც ვისმენ. ხვალ გაიმართება მორიგი უსამართლობის საცირკო წარმოდგენა იგივე “სასამართლო”. მოვუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებას ყოველ მიზეზ გარეშე უზრუნველყონ ჩემი სასამართლო პროცესზე დასწრება დარბაზში, ეს იქნება ეტლით, საკაცით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით.

რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას მეცამეტე დღეა ვარ სრულ შიმშილზე. მდგომარეობას მირთულებს ის რაც მოხდა 13 მარტის საბედისწერო ღამეს, რისი ნაწილიც მახსოვს ხოლო ბოლო ეპიზოდი აღარ. ამაზე დღეს მეტ დეტალს ვერ ვიტყვი. შედეგი არის ის, რომ მარცხენა ფეხში გრძნობა დაკარგული მაქვს და ვერ გადავადგილდები. მარცხენა თვალში დაკარგული მაქვს მხედველობის უნარი, რაც ყოველდღე უარესდება“, – წერს გიორგი ჩიკვაიძე.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img