ისრაელელმა ჯარისკაცებმა პალესტინელ ოსკაროსან რეჟისორზე იძალადეს და გაიტაცეს

Published:

The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰამდან ბალალი, პალესტინელი რეჟისორი, რომელიც საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული ფილმის ერთ-ერთი თანაავტორია, ისრაელელმა ჯარისკაცებმა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს.

შემთხვევას ხუთი ისრაელელ-ამერიკელი აქტივისტი შეესწრო, რომლებიც ჰყვებიან, რომ ჰამდან ბალალს, რეჟისორს, რომელმაც ფილმში No Other Land პალესტინური სოფლების განადგურება და მოსახლეობის ეთნიკური წმენდა ასახა, 15-მა შეიარაღებულმა ებრაელმა, რომლებიც სოფელში ისრაელის მთავრობამ ჩაასახლა, ალყა შემოარტყა და თავს დაესხა.

„მათ პალესტინელებს ქვები დაუშინეს და ჰამდანის სახლთან მდებარე წყლის რეზერვუარი გაანადგურეს,” – ამბობს ჯოზეფი, “ძალადობის საწინააღმდეგო ებრაული ცენტრის” ერთ-ერთი აქტივისტი.

მოწმეები ამბობენ, რომ “ჩამოსახლებულებს” მალე ჯარისკაცები შეუერთდნენ. მათ ჰამდანს სახლამდე სდიეს და რეჟისორი სამხედროებს გადასცეს.

“მათ ჰამდანის მანქანა ქვებით გაანადგურეს და საბურავებიც გახეთქეს,” – ამბობს კიდევ ერთი მოწმე, რავივი, – “მანქანის ყოველი ფანჯარა და საქარე მინაც გატეხილია.” 

აქტივისტების ჯგუფმა თავდასხმა გადაიღო და შემდეგ ჰამდანის სახლში შევიდნენ, სადაც იატაკზე სისხლი იხილეს. რეჟისორის ოჯახის თქმით, სისხლი მაშინ დაიღვარა, როცა ჰამდანს ჯარისკაცებმა თავში ჩაარტყეს.

ჰამდან ბალალი და კიდევ ერთი პირი, რომელსაც თვითმხილველები ნასსერს უწოდებენ, დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. რეჟისორის დაკავების მიზეზი უცნობია.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ინციდენტს “პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება” უწოდა, რომელიც, მათი თქმით, “ტერორისტების” მიერ ქვების სროლას მოჰყვა.

ბაზელ ადრამ, No Other Land-ის ერთ-ერთმა თანარეჟისორმა, განაცხადა, რომ ეს თავდასხმა ფილმის საერთაშორისო წარმატებამ გამოიწვია: „სოფელ სუსაში მცხოვრები პალესტინელები ისრაელელებისგან ყოველდღიური თავდასხმის მსხვერპლები არიან. მგონია, რომ ეს ფილმისა და ოსკარის მოპოვების გამო შურისძიებაა,” – თქვა მან.

ჰამდან ბალალის ადგილმდებარეობა ამ ეტაპამდე უცნობია. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img