დღეს საქართველოში რეპრესიებია. უდანაშაულო ხალხს, ჟურნალისტებს, მსახიობებს, სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მიათრევენ პოლიციის განყოფილებებში, ბრალს უყენებენ და განაჩენი გამოაქვთ შეთხზული ბრალდებებით, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ახლა, როცა აქ ვსაუბრობ, ერთ-ერთ ცნობილ მსახიობის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ასევე, არაცნობილი ადამიანებიც იგივე რეპრესიებისა და უკანონობის ქვეშ იმყოფებიან. შეიძლება 11 წელი მიუსაჯონ არაფრის გამო, პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის გამო. მთავრობა, რომელიც რუსეთის ტაქტიკის ასახავს, სასამართლო სისტემას და პოლიციას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღად იყენებს”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მხოლოდ საკუთარი სამუშაოს შესრულების გამო დააკავეს.
„არსებობს ქალბატონი მზია ამაღლობელის ცნობილი საქმე. ეს არის პატივცემული ჟურნალისტი, რომელიც დააპატიმრეს უბრალოდ საკუთარი სამუშაოს შესრულების გამო, აშუქებდა რა საპროტესტო აქციებს. ყველა მსახიობს და სტუდენტს, რომელიც შეუერთდა მშვიდობიან დემონსტრაციებს, ბრალი წაუყენეს ჯგუფური ძალადობისთვის. ესენი კრიმინალები არ არიან, ესენი არიან რიგითი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ თავისუფლების. დღევანდელ საქართველოში დემოკრატიის რწმენა საკმარისია იმისთვის, რომ გისოსებს მიღმა ჩაგსვან. საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტებს, მათ, ვინც უნდა ემსახურებოდნენ თავიანთ ქვეყანას და მოსახლეობას, გამოთქმული მოსაზრებების გამო არხის მმართველი საბჭოს წევრები საჯაროდ სდებენ ბრალს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, რომელიც უნდა გამოიძიოს გენერალურმა პროკურორმა. 1937, სამწუხაროდ, ძალიან ახლოს ჟღერს“, – აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.