დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. მოკლევადიან კურსებზე სწავლება 1-დან 3 თვემდე მიმდინარეობს, პროგრამაში მონაწილეობა 16 წლიდან საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
ქვეყნის მასშტაბით, საგაზაფხულო რეგისტრაციის ფარგლებში 27 კოლეჯის 100-ზე მეტი სასწავლო კურსია წარმოდგენილი. ბენეფიციართა რეგისტრაციის პროცესი დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ დღეს დაიწყო.
პროფესიული გადამზადების პროგრამის მნიშვნელობაზე საუბრობენ ჯანდაცვის სამინისტროში. სახელმწიფო პროგრამით გასულ წელს 3600-ზე მეტმა პირმა ისარგებლა. კურსდამთავრებულების უმეტესობა უკვე დასაქმებულია.
პროგრამაში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა პირმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის-ცენტრს უნდა მიმართოს. პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამით სარგებლობა, თბილისთან ერთად, საქართველოს 7 რეგიონის 9 ქალაქშია შესაძლებელი.