სტრასბურგმა რუსულ კანონზე მედიებისა და არასამთავრობოების საჩივრის განხილვა დაიწყო

Published:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე მედიებისა და არასამთავრობოების საჩივრის განხილვა დაიწყო. მისი თქმით, რუსული კანონის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს შესაბამისი კითხვები დაუსვა – სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის 17 ოქტომბერს, “რუსული კანონსა” და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებზე საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 16 მედია ორგანიზაციამ, 120 არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4 ფიზიკურმა პირმა მივმართეთ.

საჩივარში აღნიშნულია, რომ „რუსული კანონი” არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებას (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს (80-18 მუხლი).

სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. მსგავსი სტატუსი ენიჭებათ ისეთ საქმეებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საჩივრის გაგზავნის შემდგომ გაგრძელდა და გაძლიერდა სამოქალაქო საზოგადოების დევნა – ისინი მიუთითებენ, რომ „ქართული ოცნების” განგრძობადი პოლიტიკის ნაწილია FARA-ს თარგმანის ხელახალი ინიციირებაც.

„აშშ-ში მოქმედი კანონი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, „ქართულ ოცნებას“ კი ამ აქტით რუსული კანონის შენიღბვა სურს […]

აღსანიშნავია, რომ საქმის გაგზავნის დღიდან „ქართული ოცნების” პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ საქმე გაგზავნილი არ იყო, მოგვიანებით, როდესაც საფოსტო გზავნილის ამონაწერი გავასაჯაროვეთ, პროპაგანდისტულმა მედია-საშუალებებმა დაიწყეს მტკიცება, რომ მასზე სასამართლოს ხელმოწერა არ ჩანდა. საქმის რეგისტრაციის შემდეგ პროპაგანდისტულმა მედია საშუალებებმა სხვადასხვა პროცედურული საკითხით მანიპულირებით გააგრძელეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. უმაღლესი თანამდებობის პირები დღემდე აგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას და მათთვის შეურაცხმყოფელი იარლიყების მიკერებას”, – აღნიშნავენ ორგანიზაციები.

ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ რუსული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას ზღუდავს, არამედ მოქალაქეთა ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img