პროკურატურამ თბილისში სტინგის კონცერტის ბილეთების შეძენის მიზნით, ყალბი ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებისთვის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
- „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის აგვისტოში, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლისა და დაფარვის გზით, შექმნა ყალბი „ფიშერული“ ვებგვერდი „bsafest.online“, რომელსაც რეკლამირებას უწევდა სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით.
- აღნიშნული ყალბი ვებგვერდი მომხმარებლებს ბრიტანელი მომღერლის, სტინგის თბილისში გასამართი კონცერტის ბილეთების შეძენას სთავაზობდა. როდესაც მომხმარებელი ირჩევდა კონკრეტულ ბილეთს და ბილეთების რაოდენობას, ვებგვერდი მას ავტომატურად გადაამისამართებდა ონლაინ გადახდის პლატფორმაზე და თანხა ირიცხებოდა ბრალდებულის მიერ წინასწარ მითითებულ კრიპტო საფულისა და საბანკო ანგარიშებზე.
- აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა და დაფარვა, რამაც დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.