“ინდიგოს” ჟურნალისტს, საბა სორდიას, იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს. ინფორმაციას მედიასაშუალების ხელმძღვანელი ავრცელებს:
“ახლა გავიგეთ, რომ საბას გაუგრძელეს იზოლატორში ყოფნის ვადა. როდის იქნება სასამართლო, ამასაც წინასწარ არავინ ამბობს, ესეც შემთხვევით უნდა გავიგოთ.” წერს “ინდიგოს” აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი.
პოლიციამ “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა. სორდიას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული. ადვოკატის ცნობით, საპატრულო პოლიციის მანქანაში საბა სორდიას მიმართ გამოყენებული იყო ჰომოფობიური სიტყვები.
“აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაკავების მომენტში მისთვის არ უთქვამთ ,რომ აკავებდნენ და გადაჰყავდათ განყოფილებაში. უკვე განყოფილებაში ყოფნის დროს უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ასევე საბამ თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში ყოფნისას მის მიმართ იყო გამოყენებული ჰომოფობიური სიტყვები, გამომდინარე იქიდან, რომ მას ეკეთა საყურე. ასევე მას ჩამოართვეს გოუ-პრო, რომელიც არის ახლა პოლიციაში, საბამ სთხოვა, რომ არ დაკარგულიყო კამერა, რაზეც უთხრეს, რომ თუ კიდევ გაიმეორებდ,ა დაუმტვრევდნენ კამერას. რაც არის პოლიციელის მხრიდან შეუსაბამო საქციელი”, – განაცხადა ადვოკატმა მარიამ ყველაშვილმა .