ახალციხის მუნიციპალიტეტში სტანდარტების შესაბამისი და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა სერიოზული პრობლემაა – დაბინძურებული წყალი საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ხორგუანმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში პასუხისმგებელი თანამდებობის პირები უკვე კარგა ხანია, რაც პრობლემის კურსში არიან, აღნიშნული საკითხის მოგვარება ვერ ხერხდება, ამიტომ სოფო ხორგუანმა, გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს განცხადებით მიმართა და მოხელეთა შესაძლო დანაშაულზე რეაგირება მოსთხოვა.
განცხადებაში ხორგუანი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ სასწავლო წლის დაწყებამდე, სურსათის უვნებლობის სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშის შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის ნაწლავური ჩხირებით დაბინძურებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მისი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწლავის ჩხირები, ბაქტერიული კოლონის წარმომქმნელი ერთეულები (საერთო კოლიფორმები) და მღვრიე წყალი – ეს დარღვევები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ის „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინება“ დაქვემდებარებაში მყოფ წყლის გამანაწილებელ ქსელებში გამოვლინდა. ხორგუანის განცხადებით, დარღვევები, ასევე გამოვლინდა საჯარო სკოლაში არსებულ ონკანებშიც.
„ვინაიდან, საჯარო სკოლებში სწავლა მალევე იწყებოდა, წერილებით მივმართე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს და დაუყოვნებლივ რეაგირება მოვითხოვე, რათა სკოლაში ბავშვები წყალს არ მოეწამლა. პასუხად მაცნობეს, რომ პრობლემა აღმოფხვრილი იყო და წყალი შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს. თუმცა, ბოლო დღეებში ახალციხეს ისევ დაბინძურებული წყალი მიეწოდება და მოსახლეობა ისევ იწამლება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაუყოვნებლივ ვაცნობე აღნიშნულის თაობაზე და ისევ დაიწყო წარმოება. თუმცა, ფაქტია, ერთი და იმავე პრობლემა რამდენიმე თვეში ერთხელ სისტემატურად მეორდება და დღემდე, პრობლემას არავითარი შედეგის მომცემი რეაგირება არ მოჰყოლია. ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ მოხელეთა მხრიდან ადგილი აქვს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას. ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის უსაფრთხო პირობების შექმნა – ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა უმთავრესი ამ მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დარღვევების პერიოდში რაიმე დროებითი ღონისძიების გამოყენება, რომელიც თავის მხრივ, მოხელეთა მიერ პასუხისმგებლობის აღებას მიანიშნებდა და მოსახლეობისადმი მიმართულ საფრთხეს შეამცირებდა, არ მომხდარა. შესაბამისად, ცხადია, სახეზეა სამოხელეო დანაშაული – სამსახურებრივი გულგრილობის სახით.
მოვუწოდებ გენერალურ პროკურორს, დროულად დაიწყოს გამოძიება, რათა გამოვლინდეს და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს თითოეულ დამნაშავეს. გამოძიებამ იმოქმედოს დროულად, რათა თავიდან ავიცილოთ ამ დანაშაულით გამოწვეული მძიმე შედეგი – ადამიანთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების სახით”,- აცხადებს სოფო ხორგუანი.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.