სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის განცხადებით, შემოსავლების სამსახური ქვეყანაში იმპორტირებულ რძის პროდუქტებს 100%-ით შეამოწმებს. ამის შესახებ ზურაბ ჩეკურაშვილმა სააგენტოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აქამდე შემოწმება ხდებოდა, თუმცა შერჩევითად. ახალი გადაწყვეტილება კი სეს-ის მიმართვის საფუძველზე აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ რძეში აფლატოქსინის გამოვლენის შემდეგ მიიღეს, რითაც რძის უვნებლობის პროცესში ორმაგი ფილტრი გაჩნდება.
„რძის საწარმოები სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობენ, რომ მომხმარებელი და მათი ინტერესი მაქსიმალურად დაცული იყოს. ეს დარღვევა აღმოჩენილია იმპორტირებულ – აზერბაიჯანიდან შემოტანილ რძეში. სააგენტო მყისიერად დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურს და ყველა პარტია, რომელიც იმპორტირებული იქნება არამხოლოდ აზერბაიჯანიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, იქნება შემოწმებული. ამგვარად ორმაგი ფილტრი იქნება ჩაყენებული ამასთან დაკავშირებით.
ჩვენი მიმართვის საფუძველზე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები საზღვარზე 100%-ით შემოწმდება, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაცულები. შემოწმებაში იგულისხმება ნიმუშის აღება და ლაბორატორიული კვლევა. აქამდე შემოწმება შემთხვევითობის პრინციპით ხდებოდა, შეუძლებელია ყველაფერი 100%-ით შემოწმდეს. ამ ქეისის შემდეგ რძის პროდუქტები 100%-იან შემოწმებაში ჩაჯდა. რამდენი მანქანაც შემოვა, იმდენი შემოწმდება. შემდეგ, როგორც შემოსავლების სამსახურს აქვს გაწერილი, მაგალითად სამი წელი იქნება თუ ხუთი, თუ ეს შემთხვევები თუ არ დაფიქსირდება, შემოწმების ჯერადობაც მოიკლებს“, – განაცხადა ჩეკურაშვილმა.
მან ასევე განმარტა, რომ საქართველოში რძის უვნებლობის კუთხით უმკაცრესი სტანდარტები მოქმედებს, მსოფლიოში არსებული სტანდარტები კი შედარებით ლმობიერია.
ცნობისთვის, 3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, “სოფლის ნობათის” რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული რძე “სოფლის ნობათს” აზერბაიჯანიდან ჰქონდა შემოტანილი.